ამჯერად, საქართველოს ხელისუფლება, გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი კომპლიმენტს მართლაც იმსახურებენ. სამწუხაროდ, მათგან განსხვავებით, ხელისუფლებაში უამრავი ადამიანია, რომლებსაც რუსეთთან ნაზი და სათნო სიყვარული აკავშირებთ. იმედია, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მაინც მიხვდება ყველა, რომ 2008 წელს აგრესორი საქართველო კი არა, რუსეთი იყო. ორივე სახელმწიფოში, ფაქტობრივად, ერთი და იმავე სცენარი გათამაშდა, უბრალოდ, კრემლი საქართველოს აღებას სამხედრო გზით გეგმავდა, უკრაინაში კი იანუკოვიჩის იმედი ჰქონდათ.


მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა წვრთნებში მონაწილე სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანება გასცა, უკრაინის ტერიტორიაზე მსოფლიოში მორიგი ცხელი წერტილის გაჩენის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. უკრაინელი მესაზღვრეების ინფორმაციით, ყირიმის გარდა, რუსეთი სამხედრო შენაერთების მობილიზაციას უკრაინასთან სახმელეთო საზღვრის მიმდებარედაც ახორციელებს. სამხედრო ტექნიკა მობილიზებულია რუსეთის საზღვართან ახლოს, ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებშიც. აშშ კი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი აწარმოოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობებზე ღიად საუბრობს. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები და ყველა სახის სამხედრო კონტაქტი უკვე შეაჩერა. რა ფატალური შეცდომა დაუშვა პუტინმა და უკრაინის მოვლენების ფონზე, დაიწყება თუ არა რუსეთის დაშლის პროცესი, ,,ვერსიას’‘ ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი ესაუბრა.


- ყირიმში განხორციელებული საოკუპაციო მოქმედებების გამო, რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოსგან სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. შედეგად მოსკოვის ბირჟაზე კომპანიების აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა და მხოლოდ ერთ დღეში, რუსეთის ფინანსურმა დანაკლისმა სოჭის ოლიმპიადის ღირებულებას გადააჭარბა. პუტინი პოლიტიკურადაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა _ ყველა სახელმწიფომ ,,დიდ რვიანში’‘ მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ნატო და ევროკავშირიც კი მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. ომის დაწყების შემთხვევაში კი, რუსეთი მეტ იზოლაციაში მოექცევა.


- თუმცა ლავროვის განცხადებიდანაც კარგად ჩანს, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციების ნაკლებად ეშინია, ექსპერტები კი საუბრობენ, რომ პუტინის იზოლაციაში მოქცევა მას ბევრად საშიშს გახდის.


- ლავროვის სიტყვები მხოლოდ რუსული პროპაგანდის ნაწილია. რეალური ინფორმაციის მიღება როგორც ლავროვის, ისე პუტინისგან, შეუძლებელია. ჩემი აზრით, ყირიმის ოკუპაციის გეგმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწერა, როცა პუტინი რუსეთის ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა. ის ღიად აცხადებდა, რომ მისი მთავარი მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რუსული პოლიტიკის გატარება იქნებოდა. არადა, მაშინ პუტინისთვის მეზობელი ქვეყნები საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. საქართველოში პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ, რომელიც ამტკიცებდა - საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო. უკრაინაში კი, რუსეთისთვის მშვიდ ვითარებას პრეზიდენტი კუჩმა უზრუნველყოფდა. ამ მიმართულებით პრობლემები 2003 წლის ბოლოს დაიწყო, როცა საქართველოში ,,ვარდების რევოლუცია’‘ წარმატებით დასრულდა, ხელისუფლების სათავეში კი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა. იგი თავიდანვე არ მალავდა, რომ საქართველოს განვითარებას რუსეთის გარეშე აპირებდა. 2004 წელს რევოლუციამ უკრაინასაც გადაუარა და პრეზიდენტი კუჩმა ვიქტორ იუშენკომ შეცვალა. სამწუხაროდ, უკრაინაში შიდადაპირისპირებები დაიწყო, რადგან იუშჩენკო სუსტი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კი ქვეყანას ბევრად მყარად მართავდა, ამიტომაც რუსეთიც მის წინააღმდეგ საკმაოდ ხისტ პოლიტიკას აწარმოებდა: 2006 წელს ეკონომიკური ემბარგო, 2007 წლის 7 ნოემბერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, შემდეგ აგვისტოს ომი, მოგვიანებით საკნების აქცია... ანუ საქართველოში რუსეთის მხრიდან გარკვეული პრობლემები ყოველთვის იქმნებოდა, მაგრამ კრემლმა სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია. ჩემი აზრით, საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს მიმართ, კრემლს განსაკუთრებული გეგმა შემუშავებული არც ჰქონია. მისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს ყოველთვის უკრაინა წარმოადგენდა, რადგან ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოა, თანაც რუსეთიდან ევროპამდე გაზი, სარკინიგზო და საავტომობილო გზები სწორედ უკრაინაზე გადის. კრემლი განსაკუთრებით მაშინ შეშინდა, როცა ოფიციალურმა კიევმა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება გადაწყვიტა.


- თუ ვსაუბრობთ, რომ უკრაინის მოვლენები რუსეთმა დაგეგმა, დღეს მსოფლიო პუტინის თამაშს თამაშობს თუ მან დასავლეთისგან მსგავსი წინააღმდეგობა ვერ გათვალა?


- რა თქმა უნდა, დასავლეთის მსგავსი რეაქცია რუსეთისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. პუტინი ,,ჩეკისტია’‘, ის ინფორმაციას მხოლოდ სპეცსამსახურებიდან იღებს, რომელიც ყოველთვის ხარისხიანი და სანდო არ არის. მას არ შეუსწავლია უკრაინელი ხალხის განწყობაც _ მაიდანზე მომიტინგეებს შორის აღმოსავლეთ უკრაინიდანაც იყვნენ. ,,ჩეკისტი’‘ პუტინი ადამიანურ ფაქტორებსაც არასოდეს ითვალისწინებს. მას დაავიწყდა, რომ საქართველოს მსგავსად უკრაინაშიც ადამიანებს თავისუფლების განცდა აღმატებულ ხარისხში აქვთ.


-  და რატომ გამორიცხავთ, რომ რუსეთი უკრაინაში ვითარების მაქსიმალურად დაძაბვას ცდილობს, რათა შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი პირობების მკაცრად დაყენება და შესრულება მოითხოვოს?


- პუტინი ვერაფერს მიიღებს. რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა, სადაც 600-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათგან 300 პირი პოლიციამ დააკავა. პუტინის მხარდამჭერ აქციაზე კი, მხოლოდ 20 ათასი ადამიანი გამოვიდა, ისიც საჯარო სამსახურის თანამშრომლები. კარგად გამოჩნდა, რომ პუტინს მხარს რუსეთშიც არ უჭერენ და მასთან მხოლოდ სამსახურებიდან გათავისუფლების შიშით მიდიან. ზოგადად, პუტინის იდიოტიზმის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. უკრაინაში მოვლენების განვითარება ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: დასავლეთის, ნატო-სა და ევროკავშირის რეაქციასა და უკრაინის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე. ბუნებრივია, რუსული სპეცსამსახურები განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიურად მუშაობენ, მაგრამ პუტინს ყირიმის დაპყრობა მაინც არ გამოსდის. უკრაინელები რუსეთთან საომრად მზად არიან, რასაც პუტინი ვერასოდეს წარმოიდგენდა. მისი აზრით, ყველაფერი წინააღმდეგობის გარეშე უნდა დასრულებულიყო.

სრულად იხილეთ ბმულზე