ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშში აღწერილია მთელი რიგი დარღვევები, რაც შედეგობრივად აისახება საპატრიარქოს ბავშვთა დაწესებულებებში მყოფ აღსაზრდელთა უფლებების დარღვევებში.

 


წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წარმოებს აღსაზრდელთა დაწესებულებაში მოთავსების აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც ნაწილობრივ ფიქსირდება აღსაზრდელთა მომსახურებიდან გასვლის შემთხვევების წერილობითი აღრიცხვა“.

 


ორგანიზაციის შეფასებით, ტექსტის აღნიშნული ნაწილი იწვევეს შეშფოთებას, რადგან გაუგებარია, სად იმყოფებიან ის ბავშვები, რომელთა გასვლაც წერილობით არსადაა დაფიქსირებული. ბავშვთა გადინებისა და ჩარიცხვის აღურიცხაობა ქმნის ტრეფიკინგის სერიოზულ საფრთხეს. ამ უკანასკნელი დარღვევის აღმოსაფხვრელად ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციის სახითაც კი არაფერს აწვდის დაწესებულებას. ის მხოლოდ ითხოვს, სამომავლოდ ჩარიცხვა კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოონ, მაგრამ არ ინტერესდება იმ აღურიცხავი ბავშვებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკურად აღარ იმყოფებიან დაწესებულებაში და მათ შესახებ წერილობითი ინფორმაცია არ არსებობს.

 


"მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს პროკურატურის მხრიდან აღნიშნულ დაწესებულებებში, მათი დაარსების დღიდან ყველა ფაქტობრივად მიღებული და გაშვებული ბავშვის ისტორიის შესწავლა და დადგინდეს თოთოეული მათგანის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი, რათა თავიდან იყოს აცილებული ბავშვებით ვაჭრობის შესაძლო ფაქტები. სამინისტრომ დაავალდებულოს ყველა დაწესებულება, რათა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ თითოეული ბავშვის ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ და დაუყოვნებლივ მოხდეს მათი მდგომარეობის გადამოწმება სამინისტროს მხრიდან".

 


ორგანიზაციის განცხადებით, სამინისტრო არ ითვალისწინებს და გულგრილად ეკიდება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში ძალადობის შესაძლო ფაქტების შესახებ. დაწესებულებაში, სადაც არასდროს ჩატარებულა მონიტორინგი, ძალადობის შესახებ არც ერთი ფაქტი არ აღმოჩენილა, რომელიც აჩენს საფუძვლიან ეჭვს მონიტორინგის და ძალადობის ფაქტების მოკვლევის არაეფექტურობასთან დაკავშირებით.

 


ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2014 წელს განხორციელებულ მონიტორინგის შედეგებში აღნიშნულია, რომ ,,დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ აღსაზრდელთა დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან“, თუმცა აქვე მითითებულია რომ დაწესებულებაში ,,პერსონალი არ ფლობს ინფორმაციას ძალადობის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ“.

 


ორგანიზაცია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ განახორციელოს არაგეგმური მონიტორინგი ორივე დაწესებულებაში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესასწავლად და ჩართოს მასში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ამ თემის პროფესიონალები.

 


„მივმართავთ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ განახორციელოს არაგეგმური სისტემური მონიტორინგი ორივე დაწესებულებაში და გადაამოწმოს ყველა ფაქტი და დარღვევა, რომელზეც ინფორმაცია არსებობს სხვადასხვა წყაროდან", -აცხადებენ ორგანიზაციაში.

 


საპატრიარქოს დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა ბავშვი დაცულია დისკრიმინაციისგან და მათ თანასწორად მიეწოდებათ ყველა სიკეთე. "თუმცა, ამავე ანგარიშის სხვა გვერდებზე ვკითხულობთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (იდენტიფიცირებული 19 და სავარაუდოდ ბევრად მეტი) ბავშვი არ იღებს არც მათ საჭიროებებზე მორგებულ განათლებას, არც რეაბილიტაცია/აბილიტაციას, არც ადეკვატურ სამედიცინო სერვისებს. მათი სამედიცინო მომსახურების დოკუმენტაცია კი ვერც კი შემოწმდა. აღნიშნულ შეზღუდვას, შშმ პირთა კონვენციისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად ეწოდება დისკრიმინაცია, რადგან ეს ბავშვები, სხვა ბავშვებივით არ იღებენ მომსახურებას. "

 


ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანი უფლებებისთვის" რეკომენდაციაა მოხდეს ბავშვების განთავსება ისეთ გარემოში, სადაც ყველასთვის თანასწორად იქნება ხელმისაწვდომი ყველა მომსახურება და ზრუნვა.