წლის გოგონა, რომელიც ბიძამ შანდლით მოკლა, ჯერ არ დაუკრძალავთ. მეზობლების ინფორმაციით, ლია ჟორჟოლიანი მოსკოვის გამზირზე 35 წლის ვაჟთან მარტო ცხოვრობდა. ის ფსიქიკურად დაავადებული ბენეფიციარია, ამიტომ „კვირა“ მის ვინაობას არ ამხელს. ის წლების განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა.

 


„ასეთი უბედურება ჩვენს ეზოში არასდროს მომხდარა. ვიცით, რომ თ.ჟ. ფსიქიატრიულში წლების განმავლობაში მკურნალობდა. როცა ეზოში ჩამოდიოდა, მარტო დადიოდა. მეზობლებთან არ კონტაქტობდა. ჩვენც ვერიდებოდით“, – ამბობს მეზობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ქალბატონ ლიას კიდევ ერთი შვილი, თამარი ჰყავს, რომელიც ბათუმში იყო გათხოვილი და ოჯახით იქ ცხოვრობს. ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე თამარი 4 წლის შვილთან ბათუმიდან თბილისში დედასთან ჩამოვიდა.
„ისეთი ლამაზი ბავშვი იყო, ეზოში ჩემს შვილიშვილებთან ერთად თამაშობდა.

 

თითქმის ერთი თვეა, თბილისში არიან. ბათუმიდან ჩამოვიდნენ. 15 ივნისს მეზობლები ეზოში ვიყავით. ჟორჟოლიანების სახლიდან საშინელი კივილის ხმა გაისმა. უცებ ეზოში სასწრაფო დახმარების და პატრულის მანქანები გამოჩნდნენ. მერე სასწრაფომ კაცი წაიყვანა“, – ამბობს ჟორჟოლიანების ერთ-ერთი მეზობელი.
როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 35 წლის მამაკაცი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილებაში მოათავსეს. განყოფილების უფროსის გია თომაძის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.

 


„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჟანგბადის აპარატზეა შეერთებული. შფოთავს. ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები სხეულის უკანა მხარეს, ზურგზე აქვს მიღებული. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ფსიქიკურად დაავადებული პაციენტი იყო და წლების განმავლობაში სახადასხვა დროს ფსიქიატრიულშიც მკურნალობდა“, – აღნიშნა გია თომაძემ.

 


35 წლის მამაკაცს, რომელიც კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული, ბადრაგი იცავს. მასთან შესვლა, ექიმების გარდა, უცხო პირებს ეკრძალებათ. შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, თბილისში, მოსკოვის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა. 35 წლამდე ასაკის მამაკაცმა საკუთარი მცირეწლოვანი დისშვილი შანდლით მოკლა. 4 წლის ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. 35 წლის მამაკაცმა კი თვითდაზიანება მიიყენა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები უკვე მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას ელის.