"უკვე დავიღალე, დავიღალე, გესმით? ოცნებებში ოცნებებზე ტყუილ ფრთების შესხმით. გასაღები მოგეცათ თქვენ,

 

 

 


კარებს მაინც ვერ ხსნით..."

ბაღში რამდენიმე შავოსანი იჯდა სიმწვანეში. ყველა თავის ფიქრს მისცემოდა და ამიტომაც გაჩუმებულიყვნენ... ფოთლებს­ შორის მოლიცლიცე მზეს ვერც ამჩნევდნენ, იმიტომ, რომ მათი ბეგი აღარ იყო... ის ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლი გახდა.

 


ასეთ დროს ჟურნალისტი სვამს კითხვებს: რა მოხდა, ვინ იყო მკვლელი? თუმცა­ მე ამისთვის არ მივსულვარ - რაც მოხდა, მთელმა საქართველომ გაიგო... ოჯახმა დაკარგა ერთადერთი შვილი.­

 

 

ბეგი მამალაძემ თავისი ცხოვრებით თითქოს საზოგადოების გამოფხიზლება სცადა. ის იყო გამორჩეულად ნიჭიერი: ხატავდა, წერდა, ქმნიდა მუსიკას... ცხენები ბავშვობიდან უყვარდაო, - მითხრა დამწუხრებულმა დედამ და რამდენიმე ფოტოც მაჩვენა: სულ პატარა ბეგი ცხენზე, მერე უკვე მოზრდილი - გუდამაყარში, გოდერძი ჩოხელის პატივსაცემად მოწყობილი დოღის დროს მოხდენილად ამხედრებული.

 

 

ალბათ, ცხენზე როცა იჯდა, განსაკუთ­რებულ სიახლოვეს გრძნობდა თავის წინაპართან - ბუღარა (გაბრიელ) მამალაძესთან,­ სახალხო გმირთან, რომლის სახელსაც უკავშირდება რამდენიმე გმირობა ადამიანთა გატაცებასა და გაყიდვასთან ბრძოლაში... ბუღარასა და მისი ძმების მამაცურმა ბრძოლამ თავის დროზე­ დიდი როლი შეასრულა იმ ხანგრძლივ ომში, რაც გადაშენებით ემუქრებოდა ჩვენს ხალხს. შემთხვევითი არ იყო ბეგის ლექსის­ სტრიქონები:

 

 

"არის სადღაც საქართველო,
იქ შავლეგოს მღერიან,
მეც იქ მინდა, რომ წავიდე,
მეც იქ მელოდებიან..."

 

 

ბეგის ნათლობის სახელი გაბრიელი ერქვა, ისე როგორც მის წინაპ­არს... სოფელი ხევიც განსაკუთრებულად უყვარდა. მოსწონდა გურიის ეს ულამაზესი სოფელი­, მამისეული ფესვებიც აქ ეგულებოდა (ბეგის მამა, სოსო მამალაძე, საბჭოთა დროს რეპრესირებული და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი). ფანტაზიით ათასგვარ საომარ სიტუაციაში წარმოიდგენდა ძლევამოსილ ბუღარას, მაშინ თითქოს გამომეტყველებაც ეცვლებოდა. უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე იყო. ხატავდა მეომრებს, რომლებიც ხშირად უთანასწორო ბრძო­ლაში ეკვეთებოდნენ მტერს და იქიდან გამარჯვებულები გამოდიოდნენ, ხატავდა­ თავის ქართველებს, რომლებიც მოწამებრივი ისტორიის ბურჯებად ქცეულიყვნენ.

 

 

ბეგის ნამუშევრებმა მიიქციეს კიდეც ყურადღება და პრემიაც დაიმსახურეს.

 


საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა "დავითიანნის" მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში "საქართველოს მეფე-დედოფლები და პატრიარქები" (2011 წელი) ბეგის ნამუშევარს "დიდგორის ბრძოლა" რუსუდან ფეტვიაშვილმა და გია ბუღაძემ უმაღლ­ესი შეფასებები მისცეს, ხოლო საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის კონკურსში, "ნახატები ბიბლიურ თემაზე", ბეგიმ საპრიზო ადგილი აიღო.

 


ჯერ ყველაფერი წინ იყო. მაჭრის დუღილი დასრულდებოდა და განსაკუთრებული ღვინო დადგებოდა... თუმცა არ ეწერა აღსრულება... ბეგის რაღაცნაირი წინათგრძნობა ჰქონდა. თავის ლექსებში წერდა:
"მე კი არ მომიწევს მოცდა შემდეგ გაზაფხულამდე, ან ნეტავ შემდეგ რა იქნება, ალბათ, დანას გამიყრიან..."
მართლაც დანით მოკლეს...

 

 

მარიკა ზედელაშვილი, ბეგი მამალაძის დედა: - ჩვენი სახლის კარი არ იკეტებოდა. ნებისმიერ დროს მასთან მეგობრები მოდიოდნენ, თავს ისე გრძნო­ბდნენ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან მომწონდა ეს სიახლოვე, თუმცა­ სადარდებელიც მქონდა. ბეგის სკოლაში არ უნდოდა­ სიარული, ბევრს აცდენდა­... ბავშვობიდან ხატავდა. მისი საყვარელი თემა საქართველოს ისტორია იყო. როცა ბეგის ნამუშევარმა პრემია დაიმსახურა, იმ თანხით წიგნი იყიდა: "მსოფლიო იარაღის ანთოლოგია". ამბობდა, ყველა იარაღი უნდა ვიცოდე, როცა ვხატავ, მჭირდებაო... გული მწყდება, რომ ბეგის­ ისე არ იცნობდნენ, როგორიც სინამდვილეში იყო. მეც ახლა ვეცნობი მის ბევრ ჩანაწერს და გული მტკივა. ფაქტობ­რივად, გახსნილად ლაპარაკობს ცხოვრებაზე, რომელმაც იმსხვერპლა კიდეც...

 

 

ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ ათასი ჭორ-მართალი აირია ერთმანეთში. ამბობენ,­ რომ რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ ხანგრძ­ლივად, ამის გამო მოკლესო. ასე არ იყო. ბო­ლო გამოცდის შემდეგ კაფეში წავიდა და იქ შელაპარაკება მოუხდა. საერთოდ, საოცარი თვისება ჰქონდა, ადვილად შეარ­იგებდა ყველას, სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა სხვებს... იმ საბედისწერო­ დღესაც ტელეფონით მესაუბრა, მეგობრისთვის, რომელსაც რაღაც დიდი პრობლემა­ ჰქონდა, ფული უნდა ეჩუქებინა და მეკითხ­ებოდა, სად დევსო... ამ დროს ზურგიდან ჩაურტყამთ დანა. გავიგონე შეძახილი: ვინ ხარ, რა გინდაო? ტელეფონი გაითიშა, რომ დავურეკე, მიპას­უხა: დამჭრეს, დედაო! გავიქეცი. უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი...

 

 

- მითხარით, სკოლაში სიარული არ უნდ­ოდაო, რატომ?

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე