თვითმკვლელობა ხარაგაულის სოფელ ხუნევში. 11 წლის ლევან ლომიძე გუშინ ჩამომხრჩვალი საკუთარმა მცირეწლოვანმა და-ძმამ მაშინ ნახა, როცა მას პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა.

 

 

ამიტომ, მოზარდი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თავდაპირველად ბორითის კლინიკაში. თუმცა, მოგვიანებით, მძიმე მდგომარეობის გამო ლევან ლომიძე რეანიმობილით ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანეს. მედიკოსებმა 11 წლის ბიჭს ვერ უშველეს. ექიმები აღნიშნავდნენ, რომ მოზარდის მდგომარეობა უიმედო იყო.

 

 

ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

როგორც „პრესა.ჯი“-ს გარდაცვლილის კარის მეზობელმა, ცირა ლომიძემ განუცხადა, ლევანი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, ჰყავს ორი უმცროსი ძმა და ერთი და. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

 

 

ცირა ლომიძე: შინაგანად თუ რამე უჭირდა ამ ბავშვს, ნამდვილად არ ვიცი, გარეგნულად ლაღი, გაწონასწორებული ბიჭუნა იყო. შოკში ვართ, შოკირებულია ბავშვის მამაც, რომელმაც ეს საზარელი ფაქტი ბათუმში გაიგო, ის იქ მუშაობს და ოჯახს ამით არჩენს.

 

 

- ჯანმრთელობას ხომ არ უჩიოდა, ამბობენ თვითმკვლელობამდე სამი დღით ადრე თავი სტკიოდა, წინა ღამეს მშობელთან ერთად გაუთენებია...

 

 

- ახლახან ჩამოასვენეს, დედა საშინელ დღეშია. პირადად მე, ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ არაფერი ვიცი, სოფელში ამბობენ, რომ ტკიოდა თავი, თუმცა რისგან იყო გამოწვეული ეს ტკივილები, არ ვიცი.

 

 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა მშობლებს შორის დაძაბულობა გამხდარიყო...

 

 

- ცოლ-ქმარს შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობდა, ამას ავრცელებენ დეზინფორმატორი სააგენტოები, რომელთა მისამართებს და საკონტაქტოებს ვეძებთ და მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო პასუხსაც მოვთხოვთ.

 

 

ალექსი გადავარდნილია ბათუმში, მას ფინანსურად შეჭირვებული ოჯახი ჰყავს, თუმცა, ცოლ-ქმარს სამაგალითო ურთიერთობა აქვს, თვეში ერთხელ ჩამოდიოდა და ნახულობდა მონატრებულ შვილებს. რა უნდა დაეშავებინა ქალს, რომელიც 4 შვილს უზრდის, ყველაზე პატარა 4 წლისაა“.

 

 

„პრესა.ჯი“ გარდაცვლილის დამრიგებელს ესაუბრა, ქალბატონი ხათუნა ლევან ლომიძეს უკონფლიქტო მოსწავლედ ახასიათებს.

 

 

- რას შეიძლება უკავშირდებოდეს 11 წლის ბიჭის თვითმკვლელობა?

 

 

- ვერაფერს ვერ ვუკავშირებთ, ლევანი გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევითა და სწავლით. სკოლაში არავისთან ჰქონია კონფლიქტი, პირიქით, ყველა უყვარდა. რატომ მივიდა ამ დასკვნამდე ან რამ გააბედინა ეს, ამოუხსნელია.

 

 

ისეთ ტკბილ და მშვიდ ოჯახურ გარემოში იზრდებოდა, მათი ოჯახიდან ხმამაღალი ხმა არასდროს გამოდიოდა. დედამისი ყუდარღებას არასდროს აკლებდა, ცენტრალურ მაგისტრალს დედასთან ერთად გადმოკვეთდა სკოლაში მოსასვლელად და მუდამ ღიმილიანი შემეგებებოდა, სალამის გარშე არავის ტოვებდა, ყველას მშვიდობიან დღეს უსურვებდა ხოლმე“.

 

 

ჩვენ სოფელ ხუნევის რწმუნებულს კახა ლომიძესაც ვესაუბრეთ: „ბიჭის თვითმკვლელობის მომენტში დედ-მამა მუშაობდა, მამა ბათუმში იყო დღიურ სამუშაოზე წასული, დედა კი სახლიდან ცოტა მოშორებით, ყანაში იმყოფებოდა, პატარა და-ძმა 11 წლის მოზარდთან ჰყავდა დატოვებული.

 

 

ბიჭი ძალიან ჭკვიანი იყო და დედმამიშვილებს დიდი კაცივით უვლიდა. როგორც გავიგე, პატარები შეესწრნენ ამ ტრაგედიას. ესეც რა საშინლებაა, მათ კივილზე მივიდნენ მეზობლები, თუმცა, ბიჭს ვერაფერი უშველეს.

 

 

ლევანმა პოლიეთილენის თოკით ყულფი გააკეთა, - ეს ის თოკია, რომლითაც თივის პრესებს კონავენ; მერე საკუთარი ეზოს ღობეზე შედგა და თოკი ხის ტოტზე ჩამოკიდა“...