ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები, კიევის ყოფილი მერის პოლიტიკური ამბიციების შესახებ.

 

ლეონიდ ჩერნოვეცკი უკვე ხუთი წელია საქართველოში ცხოვრობს და როგორც ცნობილია, არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.

 

ჩერნოვეცკის მოულოდნელი პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ საზოგადოების აზრი ტრადიციულად ორად გაიყო.

 

ერთი ნაწილი მიესალმება ყოფილი მაღალჩინოსნის ქართულ პოლიტასპარეზზე გამოჩენას, ნაწილი კი ნიჰილისტურად არის განწყობილი.

 

პირველი, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ჩერნოვეცკის მიერ, პენსიების 500 ლარამდე გაზრდის დაპირება  იყო.

 

რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ წრეებში და რამდენად მისაღებია მათთვის ჩერნოვეცკი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ამ საკითხზე დეპუტატი მურმან დუმბაძე გაზეთ "ახალ თაობას" ესაუბრა.

 

"როგორც გავიგეთ, მან პარტია "ბედნიერი საქართველო" დააფუძნა, კარგია, ვიღაცას რომ საქართველოს გაბედნიერება უნდა, მაგრამ ამით წარმატებას ვერ მიაღწევ.


თუ ის მხოლოდ პარტიის დამფინანსებელი იქნა და არა ლიდერი, მაშინ კიდევ შეიძლება წარმატებაზე იფიქროს.

 

პარლამენტში მოხვედრა თუ უნდა პარტიის ლიდერობა საქართველოს მოქალაქეს უნდა ანდოს" - მიიჩნევს დუმბაძე.

 

მისივე თქმით, პარლამენტში მოსახვედრად ჩერნოვეტსკის სხვა შანსიც აქვს და ამ შანსს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია.

 

"თუ მას ბიძინა ივანიშვილი მეურვეობს და მასთან ერთად კოალიციაშიც შევა, ცხადია, მოხვდება პარლამენტში" - აღნიშნავს ვიცე-სპიკერი.

 

"ჩერნოვეტსკი საქართველოში ნაციონალების მმართველობის დროს დასახლდა. მათ უკრაინასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდათ, შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ კიევის ყოფილმა მერმა შესაძლოა მათთან ითანამშრომლოს"

 

მურმან დუმბაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყოფილი მერის ნაციონალებთან ერთად ყოფნა წარმოუდგენლად მიაჩნია.

 

"შესაძლებელია ვცდები, მაგრამ ამ ადამიანის პარტია მხოლოდ კოალიაცია "ქართულ ოცნებაში" შევა. არა მგონია  მან ოპოზიციასთან  ითანამშრომლოს. ჩერნოვეცკი ჭკვიანი ადამიანია და ხვდება, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან. აქედან გამომდინარე მათთან ღიად თანამშრომლობას არ გარისკავს" - აცხადებს დუმბაძე.

________________________________________

მოამზადა გიორგი ლაღიძემ