საპარლამენტო არჩევნებზე პრაქტიკულად თამაშგარე დარჩენილი პარტიები მეორე ტურში გასული კანდიდატებისგან არც ერთისათვის არ აპირებენ მხარდაჭერის გამოხატვას და არც საკუთარი ამომრჩევლის ვინმეს სასარგებლოდ დარაზმვას გეგმავენ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანისათვის მიუღებელია, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, მაინც არ გეგმავენ რომელიმე ოლქში ხალხს სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ ხმის მიცემისაკენ მოუწოდონ, რადგან მეორე მხარეს უმეტეს შემთხვევაში "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები დგანან. "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერას კი, ზოგიერთი მათგანის თქმით, ისევ "ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჯობს.

 

 

პოლიტოლოგებს შექმნილი ვითარება და პარტიების პოზიცია არ აკვირვებთ. ბუნებრივად მიიჩნევენ იმას, რომ სახელგატეხილ პარტიასთან ასოცირება არავის სურს და დასძენენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ ისედაც მწირ რეიტინგს კიდევ უფრო შეიმცირებენ.

 

 

"ეროვნულ ფორუმში" ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ, თუმცა, როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი მალხაზ ვახტანგიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერა პირადად მისთვის მიუღებელია იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ერთი პარტიის დომინანტობასთან დაკავშირებით "გარკვეული საფრთხეები შეიძლება შეიქმნას".

 

 

ვახტანგიშვილი აქვე იმასაც დასძენს, რომ სავარაუდოდ პარტიაშიც ამ პოზიციას გაიზიარებენ. ასე რომ, მათი მხრიდან "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ გაკეთებულ განცხადებებს არ უნდა ველოდოთ.

 

 

"პირადად მე ამ ადამიანების მხრიდან მხოლოდ დაზარალებული საქართველო მაქვს ნანახი. ასე რომ, "ნაცმოძრაობის" მიმართ არასდროს არანაირ მხარდაჭერას არ გამოვხატავ. ეს პოზიცია მაქვს დიდი ხანია და არც შემიცვლია. არანაირი სურვილი არ მაქვს მათ რაიმე ფორმით დავეხმარო," - აცხადებს იგი.მეორე ტურში მხოლოდ საკუთარი პარტიის წარმომადგენლის მხარდაჭერას გეგმავენ "მრეწველები". მოგეხსენებათ, მათი კანდიდატი ხაშურში მეორე ადგილზე გავიდა და ახლა იგი "ოცნების" წარმომადგენელს დაუპირისპირდება.

 

 

რაც შეეხება სხვა ოლქებში ვინმესადმი სიმპათიის გამოხატვას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის თქმით, ისინი "ვერსად ჩაერევიან".

 

 

"იმის გამო, რომ "ოცება" მაღალი პროცენტით არ მოვიდეს, "ნაცმოძრაობის" დაბრუნებისკენ მოვუწოდოთ ხალხს, სწორად არ მიმაჩნია," - აცხადებს ტყემალაძე.

 

 

მეორე ტურში ვინმეს მხარდაჭერას ნინო ბურჯანაძის პარტია "გაერთიანებულ დემოკრატებში" კატეგორიულად გამორიცხავენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, "ქართულმა ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" ფაქტობრივად გარიგება დადეს და სწორედ ამის შედეგია ის, რომ მეორე ტურში ოლქების უმეტესობაში ერთმანეთს სწორედ ამ პარტიების წარმომადგენლები უპირისპირდებიან.

 

 

"მათ "დემოკრატების" ბიულეტენები მიითვისეს და ახლა ერთ უბანსაც კი არ ხსნიან, რათა ხალხმა არ დაინახოს, თუ როგორ გააყალბეს არჩევნები. ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ამ სიტუაციაში "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ან დანაშაულებრივ ძალას - "ნაცმოძრაობას" დაუჭიროს მხარი, ან არჩევნების გამყალბებელ "ქართულ ოცნებას"?

 

 

"როცა არჩევანი გამყალბებელ, არაპროფესიონალ ხელისუფლებასა და დამნაშავე პოლიტიკურ ძალას შორისაა გასაკეთებელი, არჩევანს არ გავაკეთებთ და არც ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდებთ ამისკენ. ერთი პოლიტიკური ძალა ისეთია, რომლის ლიდერებიც ციხეში უნდა იყვნენ, მეორე პოლიტიკური ძალა კი ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს," - აცხადებს ახვლედიანი.

 

 

ერთადერთი შანსი იმისა, რომ "ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღოს, მისი თქმით ისაა, რომ უბნები გაიხსნას და ხმები ხელახლა გადაითვალოს. ამით უკვე ცხადი გახდება, რომ "გაერთიანებულ დემოკრატებს" ბევრად უკეთესი შედეგი აქვთ და "ოცნებას" მანდატები საგრძნობლად შეუმცირდება.

 

 

"სამწუხაროდ, ამაზე სხვა პარტიები გაჩუმდნენ და ბედს შეეგუვენ. რატომ ხდება ისე, რომ მხოლოდ "დემოკრატიული მოძრაობა იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად? იმის მაგივრად, რომ ჩვენთან ერთად იბრძოლონ, პირში წყალი ჩაიგუბეს, ყურები ჩამოყარეს და არ მესმის, როგორ უნდა შეხედონ საკუთარ ამომრჩეველს თვალებში.

 

 

"ზოგმა საერთოდაც ქუდი დაიხურა და წავიდა. არადა, ირაკლი ალასანიას მეორე ტურში გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, რადგან მთელი ოპოზიციური სპექტრი მის მხარდასაჭერად გავერთიანდებოდით და მხარდაჭერა საგრძნობლად მოიმატებდა. ის კი დაგვემშვიდობა და წავიდა, რაც სრულიად არაადეკვატურია," - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

 

 

ლევან ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტიის წევრი): "პარტიაში ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, მაგრამ არ მგონია პარტიული გადაწყვეტილებით ვინმეს მხარი დავუჭიროთ. ვფიქრობ, თითოეული წევრი ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის. პირადად მე ვერავის დავუჭერ მხარს, რადგან ჩემს უბანში მეორე ტური არ იმართება.

 

 

"რესპუბლიკურ პარტიას 1.55%-იანი მხარდაჭერა აქვს და ვინმეს რომც მოვუწოდოთ, არასერიოზული იქნება. ხუმრობის ხასიათზე კი არ ვართ. ხუმრობის ხასიათზე ჩვენ მიმართ ქართველი ხალხია. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ჩვენ ვისკენ გადავიხრებით.

 

 

"არ მგონია, ჩვენი ხმებით იმის საშუალება გვქონდეს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივაღწიოთ ან ვინმეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ავუკრძალოთ. ეს ხალხის გადასაწყვეტია. "რესპუბლიკელები" აქ სათანადო როლს ვერ ვითამაშებთ, მაგდენი არ ვართ."

 

 

როგორც აღმოჩნდა, ამას არც გაერთიანებაში "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" გეგმავენ. "ახალ მემარჯვენეებში", რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობას გაერთიანების სახელით იღებდა, აცხადებენ, რომ ეს გამორიცხულია.

 

 

"რა გაქვთ წარმოდგენილი - რომ "ახალმა მემარჯვენეებმა" ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭიროს მხარი?! "ქართული ოცნება" კი არა, კომუნისტური პარტია რომ იდგეს მეორე მხარეს, არც ერთ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს არ დავუჭერდი. არ მაქვს ლაპარაკი 9 წელზე, დღევანდელობაზე მაქვს ლაპარაკი და აქედან ამოვდივარ, როცა ამაზე ვლაპარაკობ", - ამბობს ერთ-ერთ გამოცემასთან "მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე.

 

 

ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მომხრეები არიან "ლეიბორისტები". ისინი დარწმუნებული არიან, რომ "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გარიგდნენ და არჩევნების შედეგებიც სწორედ ამის დამსახურებაა.

 

 

პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძეს არ უკვირს, რომ "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერას თითოეული პარტია ერიდება. ამბობს, რომ პოლიტიკური ძალები ამით თავიანთ რეპუტაციას უფრთხილდებიან. მისი თქმით, პოლიტიკოსები საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოქმედებენ და ისიგრძეგანებენ იმას, თუ როგორ იმოქმედებს "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერა პირადად მათსა და ზოგადად პარტიის რეიტინგზე.

 

 

ასე რომ, პოლიტოლოგის თქმით, პრობლემა "ნაცმოძრაობაშია" და მის ნაცვლად მეორე ტურში ოლქების უმეტესობაში სხვა პარტიის წარმომადგენლები რომ გასულიყვნენ, არაა გამორიცხული, პარტიებს მისთვის მხარი აქტიურად დაეჭირათ.

 

 

"მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნებში იმაზე მეტი ხმა აიღო, ვიდრე ვინმე ელოდა, როგორც ჩანს, ეს პარტია მაინც დისკრედიტირებულ პოლიტურ ძალად რჩება და შესაბამისად, მასთან საკუთარი თავის თუნდაც ამ ფორმით ასოცირება არავის აწყობს," - აცხადებს ანჯაფარიძე.

 

 

ამ მოსაზრებას იზიარებს "კავკასიური სახლის" ხელმძღვანელი გიორგი კანაშვილიც. ამბობს, რომ ზოგადად ასეთი მხარდაჭერა კარგი და მნიშვნელოვანია, თუმცა, იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რაც ჩვენთანაა შექმნილი, მას არ უკვირს, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას არც ერთი პარტია არ იღებს.

 

 

თანაც, მისი თქმით, პარლამენტის გარეთ დარჩენილ პარტიებს ერთად აღებულებსაც კი არ აქვთ იმხელა მხარდაჭერა, რომ შედეგებზე რადიკალური გავლენის მოხდენა შეძლონ.

 

 

გარდა ამისა, კანაშვილის თქმით, ამ პარტიებიდან არც ერთი არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მეორე ტურში გასულ პარტიებს შორის ბალანსის დაცვას შეუწყობდა ხელს. შესაბამისად, ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივაც კი ვერ აღმოჩნდება არასაპარლამენტო ოპოზიციისათვის იმის მიზეზი, რომ საკუთარი ამომრჩეველი "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ დარაზმოს.

 

 

"შეიძლება, ბევრს არ მოსწონდეს ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვოს, მაგრამ თითქმის ყველა პარტიის დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ იმდენად მკვეთრად უარყოფითია, რომ არ მგონია, ვინმემ საკუთარ ამომრჩეველს მისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდოს," - აცხადებს კანაშვილი.

 

 

გაზეთი "რეზონანსი"