ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე მომდენო სასამართლოში პროცესი 20 დეკემბერს გაიმართება. მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ სს „ეი-ი-ეს“ თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების - გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, საქმეზე პირველი სააპელაციო სხდომა გაიმართა.

 

 

სხდომაზე პროკურატურამ ახალი 80-გვერდიანი შუამდგომლობა წარადგინა, რომელიც ახლად გამოვლენილ გარემოებებს უკავშირდება. ამ შუამდგომლობაში აღწერილია რა მოხდა დანაშაულის ფაქტიდან ჩატარებულ ახალ გამოძიებამდე. მტკიცებულება, რომელიც ახალმა გამოძიებამ მოიპოვა 6 ტომს მოიცავს და ახალ გამოძიებაში 21 მოწმე ფიგურირებს.

 

 

პროკურატურამ ასევე დაადგინა იმ კონკრეტული პირის ვინაობა, რომელიც დაინტერესებული იყო ნიკა ლომინაძის მკვლელობა გიორგი გვიჩიანისთვის დაებრალებინა. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე პროკურატურა ჯერჯერობით არ საუბრობს.

 

 

საქმის პროკურორი გვანცა გვიმრაძე განმარტავს, რომ ახალი მოწმეების ჩვენების საფუძველზე, საქმეში იკვეთება მაშინდელი მაღალჩინოსნების, კერძოდ, სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუასა და სხვა პირების ბრალეულობის საკითხი. მისი თქმით, არსებობს მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ მისი თანდასწრებით მოხდა მკვლელობის საქმეში როლების გადანაწილება და მკვლელობის იარაღის შერჩევა.

 

 

„საქმის ახალი მოწმეების ჩვენებებში მითითებული და დასახელებულია მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ საქმით, მათ შორის იმჟამინდელი გენერალური პროკურორი, საქართველოს პრეზიდენტი, სოდ-ის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ა.შ. საინტერესოა ექსპერტიზის დასკვნებიც, საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება, რომლებიც წინა განაჩენების დროს არც პროკურორმა და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

 

 

მტკიცებულებები ფაქტობრივად, ასაბუთებს მსჯავრდებულ პირთა უდანაშაულობას. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და ინტენსიურად მიდის მუშაობა. თუ რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსანს ბრალეულობა გამოიკვეთება და შეიკრიბება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნება დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, შესაბამისი ქმედებები განხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ერეკლე კოდუას და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება“, - განაცხადა გვანცა გვიმრაძემ.

 

 

მისივე თქმით, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის გამოძიება კვლავ გაგრძელდება. გვირაძე იმასაც ამბობს, რომ მკვლელობის ფაქტიდან დიდი დროა გასული და რთული იქნება მტკიცებულებების მოგროვება, თუმცა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.

 

 

„რაც შეეხება, ვინ მოკლა ლომინაძე, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხზე, ტარდება და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედებები. დიდი დროა გასული ამ ფაქტიდან და გაჭირდება მალე გახსნა, მაგრამ რაც შესაძლებელია ყველა პროცედურა ჩატარდება, გამოძიების ინტერესებიდან სხვას ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ლომინაძის ოჯახს, მე მქონდა შეხვედრა ლომინაძის მამასთან, მე გავაცანი მას ის დადგენილება და მტკიცებულებები, რაც მოიპოვა უკვე გამოძიებამ, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულების უდანაშაულობას“, - აცხადებს გვანცა გვიმრაძე.

 

 

გვიჩიანის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, ახალი გამოძიების ფარგლებში არის საკმარისი მასალები, რომ გარკვეულ პირებს წაეყენოთ ბრალი მტკიცებულებების ფალსიფიცირებისთვის, მათ შორის - ერეკე კოდუას და მის მოადგილეს დავით გოგიბერიძეს. ნიკოლაიშვილის განცხადებით, საქმეში არ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ პირდაპირი მტკიცებულებები.

 

 

„მოწმე იძლევა ერთ ჩვენებას, რომელიც ერთადერთი მტკიცებულებაა ადეიშვილის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, რამდენად საკმარისი იქნება ადეიშვილის წინააღმდეგ ეს ერთი მტკიცებულება, პროკურატურა გადაწყვეტს. სააკაშვილის მიმართ პირდაპირი მტკიცებულება, რომ მან ვიღაცას რაღაც დაავალა, არ არსებობს. რაც შეეხება ირიბ მტკიცებულებას, კოდუა და მისი მოადგილე გოგიბერიძე ეუბნებოდნენ ამ მოწმეებს, რომ ხომ იცით, რომ ამ საქმით პირდაპირ პრეზიდენტი არის დაინტერესებულიო.

 

 

დღევანდელ გამოძიებაში ამბობენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც მკვლელობა ბრალდებოდათ, ოთახში საერთოდ არ იყვნენ. ამას არ იზიარებდა წინა გამოძიება, არ ჩაატარეს საერთოდ სუნის ექსპერტიზა, ძაღლი არ ცდება 100 კაცში იცნობს სუნს. თუ ეს ადამიანები იქ იყვნენ, უნდა აეღოთ ექსპერტიზა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილმა.

 

 

მისი თქმით, გვიჩიანს და ლომინაძეს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, ვიდრე ეს მკვლელობა მოხდებოდა, დაახლოებით 10 დღით ადრე, ლომინაძემ გამოუწერა პრემიები თანამშრომლებს, მათ შორის ყველაზე მაღალი პრემიერია 10 000 დოლარი გია გვიჩიანს გამოუწერა.

 

 

„ლომინაძის ოჯახი ამბობდა, რომ ლომინაძე სამსახურის საკითხებზე სახლში არ ლაპარაკობდა, მაგრამ როგორც კი გვიჩიანი დააპატიმრეს, ოჯახმა მაშინვე გაიხსენა მათ შორის მეუღლემ, რომ გვიჩიანი რაღაც მაქინაციებში იყო გარეული და მე უნდა გამოვიკვლიოო. მესმის, რომ ოჯახს სურს შვილის მკვლელის დადგენა და დასჯა.

 

 

დღეს ისინი ლოგიკურ კითხვას სვამენ - თუ ესენი დამნაშავე არ არიან, მოგვიძებნეთ ჩვენი შვილის მკვლელი და ეს სრულიად ლეგიტიმურია, მაგრამ როდესაც დადასტურდა, რომ გვიჩიანი და ჩემია საერთოდ არ მონაწილეობდნენ ამ მკვლელობაში და სანამ რეალური მკვლელი მოიძებნება, მანამდე ამ ადმიანების ციხეში ყოფნა მართებული არ არის“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

 

for.ge