არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი მიიჩნევს, რომ მდინარე ვერეს კოლექტორში მოქცევით ორ საშინელ მოვლენას ჩაეყარა საფუძველი: პირველი - დაიკარგა სუფთა ჰაერი გმირთა მოედანზე და მეორე - მთის მდინარე მოექცა ვიწრო ზოლში, რასაც ის ყოველთვის უარყოფს, როგრც კი გაუჭირდება.

 

 

არქიტექტორის აზრით, მდინარე ვერეს ხეობაში დროულად არის ღონისძიებები ჩასატარებელი, რათა არ განმეორდეს 2015 წლის 13-14 ივნისში მომხდარი სტიქია, ასევე, უნდა გადაისინჯოს ხეობაში საცხოვრებელი ზონის არსებობის მიზანშეწონილობა. "თუ დროზე არ გამოვიტანეთ დასკვნები, არ ვართ დაზღვეულები, რომ მსგავსი ტრაგედია არ განმეორდება",-აცხადებს იგი.

 

 

როგორც თამაზ დოგრაშვილმა „სითი კვირას" განუმარტა, მდინარე ვერეს ხეობაში სტიქია გასული საუკუნის 30-იან და 50-იან წლებშიც მოხდა, შემდგომ იყო 2015 წლის 13 ივნისი, რაც იმას ადასტურებს, რომ არ არის სწორი ურბანული გადაწყვეტილება მიღებული და ეს ხეობა გამუდმებით რჩება საფრთხის ქვეშ.

 

 

"დაზღვეულები არ ვართ. შესაძლოა 2-3 წელიწადში განმეორდეს ისეთივე ტრაგედია. ჯობია ახლა გავატაროთ ის ღონისძიებები, რაც უკვე მიგვანიშნა თვითონ ბუნებამ. ამ ტრაგედიიდან უნდა გამოვიტანოთ დასკვნები. არ არის საჭირო კვლევაზე თანხების ხარჯვა. რაც მეტი დრო გავა, ასეთი პროცესები კიდევ უფრო გახშირდება და ახალი ტრაგედია შესაძლოა გარდაუვალი გახდეს, დღესვე ცოტას თუ არ გავიჭირვებთ, თუ არ შევდგამთ საავტომობილო გზებს ესტაკადებზე და მდინარეს კიდევ უფრო თავისუფლად არ გავუშვებთ", - განაცხადა თამაზ დოგრაშვილმა.

 

 

მისივე აზრით, ხეობის იმ სახით დატოვება, როგორც დღეს არის და მდინარის არტახებში მოქცევა უდიდესი შეცდომაა, რადგან მდინარე ვერე მთის მდინარეა და წარმოუდგენელია ზუსტად განისაზღვროს მისი საქციელი.

 

 

თამაზ დოგრაშვილის აზრით, უხეში შეცდომა იყო მდინარე ვერეს დაფარვა, შედეგად, ეკოლოგიური თვალსაზრისით დაიკარგა საჭირო აეროდინამიური მილი, რომელსაც მოჰყვებოდა ვერეს ხეობაში სუფთა ჰაერი და თითქმის ქალაქის გეომეტრიულ ცენტრში ხვდებოდა ეს გასუფთავებული ჰაერი.

 

 

არქიტექტორის თქმით, დროული ღონისძიებების დაფინანსება ცოტა ძვირი ჯდება, მაგრამ სამაგიეროდ დაზღვეულები იქნება მოსახლეობა მომავალში მსგავსი ტრაგედიისგან.

 

commersant.ge