"ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფა უკვე გარდაუვალია და ამას არც პარტიაში არსებული დაპირისპირებული მხარეები უარყოფენ. ამ გაყოფის ოფიციალურად გაფორმება პრაქტიკულად დღეს პარლამენტში დაიწყება.

 

 

დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის წევრები "ნაცმოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წარმომადგენელ ნიკა მელიას გადააყენებენ, გადაყენებული მელია და ე.წ. სააკაშვილის გუნდი კი ახალი ფრაქციის ფორმირებას დაიწყებენ.

 

 

პარტიის გაყოფა საბოლოოდ 20 იანვრის ყრილობაზე დასრულდება.

 

 

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მოვლენების ამგვარი განვითარება პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრს არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ ორივე ჯგუფი ელექტორალურად შესუსტდება. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, ეს სისტემის რღვევას, პოლიტიკური ველის მოსუფთავებასა და ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირების შანსს შექმნის, რაც პირველ რიგში მმართველ პოლიტიკურ ძალას არ უნდა აწყობდეს.

 

 

ვინ სად იქნება

ახალი წლის შემდეგ "ნაცმოძრაობაში" განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ორი დაპირისპირებული მხარე ერთად ბრძოლას აღარ აპირებს. ორი დღის წინ კი ისიც ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდი პარლამენტში ახალი ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება, რომლის თავმჯდომარეც კვლავ ნიკა მელია იქნება.

 

 

შეგახსენებთ, რომ მელია ამჟამად "ნაცმოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეა, თუმცა, დღეს ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის წარმომადგენლები მის გადაყენებას გეგმავენ.

 

 

რაც შეეხება სააკაშვილის გუნდში შემავალ სხვა დეპუტატებს, გაცხადებული პოზიცია, ნიკა მელიასთან ერთად, დეპუტატ თინა ბოკუჩავას აქვს. "მთელი კვირის" ინფორმაციით, ამავე ფრთაში მოიაზრებიან რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, გიორგი ტუღუში, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი.

 

 

ამავე ფრთაში არიან ყოფილი დეპუტატები და მაღალჩინოსნები: ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზაზა ბიბილაშვილი, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები.

 

 

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტში, რომელიც 20 იანვრისათვისაა დანიშნული, სააკაშვილის გუნდის წევრები უმრავლესობას შეადგენენ, კომიტეტს კი პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს. ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის წევრებს კი ამ კომიტეტის ლეგიტიმურობაში ეჭვი შეაქვთ.

 

 

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარტიის რამდენიმე დეპუტატი მანდატის დატოვებას აპირებს, რადგან ბოლომდე არცერთი ფრთის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის გადაწყვეტილებით, პროპორციული სიიდან 7 კაცი ამოიღეს.

 

 

ცნობისათვის, თუ "ნაცმოძრაობის" რომელიმე მოქმედი დეპუტატი პარლამენტს დატოვებს, რიგითობით პარლამენტში შესვლა ნინო კალანდაძეს უწევდა, რომელიც სააკაშვილის ფრთაში მოიაზრება და რომელიც სიიდან რატიანის გადაწყვეტილებით ამოიღეს.

 

 

რაც შეეხება ბოკერიას გუნდს, მასში ერთიანდებიან დეპუტატები: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, აკაკი ბობოხიძე, ლევან ბობოხიძე, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ოთარ კახიძე, გიგი წერეთლი.

 

 

ასევე, პარტიის 25 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ამავე გუნდს მხარს უჭერს პოლიტსაბჭოს გარკვეული ნაწილი. მათ შორის მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი გაბაშვილი და სხვები.

 

 

აღსანიშნავია, რომ თუ ბოკერიას გუნდი "ნაციონალური მოძრაობიდან" წავა და პრინციპში, ეს გარდაუვალიცაა, ის "ევროპულ საქართველოში" გადაინაცვლებს, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში "ენმ"-სთან ერთად ბლოკის სახით მონაწილეობდა და რომლის დამფუძნებელიც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის მამა გახლავთ.

 

 

"ნაციონალურ მოძრაობას" კი ექნება თავისი ფრაქცია. ფრაქციის შესაქმნელად 6 დეპუტატია საჭირო, ამდენი დეპუტატი კი ბაქრაძე-ბოკერიას ჯგუფის გამოყოფის შემდეგ პარტიაში ისედაც რჩება.

 

 

დაპირისპირებულთა გეგმები და შეფასებები

სააკაშვილის გუნდი მიიჩნევს, რომ ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფის პარტიიდან წასვლით "ნაციონალური მოძრაობა" ორად არ იყოფა და, შესაბამისად, მათ ამით არაფერი აკლდებათ.

 

 

როგორც "მთელ კვირას" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ბოკერია-ბაქრაძის ფრთა "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე აღარ წარმოადგენს. მისივე თქმით, ნაბიჯები, რომელიც ერთმა "მცირე, კარჩაკეტილმა" ჯგუფმა გადადგა, სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ როგორმე 20 იანვრის ყრილობის ჩაშლა მოხდეს.

 

 

"როგორც გახსოვთ, ისინი ძალიან მალევე, არჩევნების შემდგომ ამომრჩეველს გაემიჯნნენ, შემდეგ სიიდან განსხვავებული აზრის მქონენი ამოიღეს. ახლა კი შემდეგი მათი ნაბიჯი ის იქნება, რომ ნიკანორ მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნიან. ადამიანს, რომელიც ერთი თვის წინ დიდი ზარ-ზეიმით თავადვე დანიშნეს.

 

 

"სამწუხაროა, რომ ეს არის კომკავშირული შეურიგებლობის სიმბოლო და ფლაგმანი გიგა ბოკერიაა. მათ არ სურთ ყრილობა, რადგან სწორედ ყრილობაზე მრავალათასიანი წარმომადგენლობა გამოაჩენს, თუ რამდენად დიდ უმცირესობაში არიან ისინი საკუთარ პარტიაში. ეს ნაბიჯებიც სწორედ ამითაა განპირობებული. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათი პოლიტიკური კრახი დადგება იქ, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბური წარმომადგენლობით შეიკრიბება," - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

 

 

მისივე შეფასებით, პარტიაში მიმდინარე პროცესს პარტიის გაყოფა არ უნდა დავარქვათ და ეს არასწორი ფორმულირებაა, ვინაიდან "ნაციონალურ მოძრაობას" ათასობით წევრი შეადგენს. რაც შეეხება პარტიიდან გამიჯნულ ბოკერია-ბაქრაძის გუნდს, წიკლაურის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა ტიპის თანამშრომლობა შეიძლება შედგეს იმ პარტიასთან, რომელსაც ისინი ჩამოაყალიბებენ.

 

 

"ამ წუთას მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს გახლავთ ადამიანები, რომლებიც საკუთარ პარტიას და ამომრჩევლებს გაემიჯნნენ; გამოავლინეს სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება, რომელიც ბოლშევიკურ პერიოდთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე თანამედროვე დემოკრატიულ მიდგომებთან," - დასძენს წიკლაური.

 

 

ბოკერიას ფლანგის თანამოაზრე დავით დარჩიაშვილის შეფასებით კი, ხანგრძლივი ისტორიის მქონე პარტიის გაყოფა ადვილი პროცესი არაა და, შესაბამისად, არც უმტკივნეულო. მისი თქმით, მინდინარე კონფლიქტურ პროცესში ორივე მხარე მისთვის მისაღებ ნაბიჯებს დგამს და ეს გასაკვირი არაა, ვინაიდან ჯგუფებს შორის იდეოლოგიური შეუთავსებლობაა.

 

 

"აქ იგულისხმება ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაცა და სიიდან რამდენიმე დეპუტატის ამოღების გადაწყვეტილებაც. ვფიქრობ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ორ ჯგუფს შორის არსებული იდეოლოგიური განსხვავებაა, რომელიც ნათელი და ცალსახაა. მელიას გადაყენების აჟიოტაჟიც სწორედ ამ რგოლის ერთ-ერთი ნაწილია.

 

 

"რაც შეეხება უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან სამომავლოდ თანამშრომლობის პერსპექტივას, ეს პროცესი იმდენად მტკივნეული და მწარე აღმოჩნდა, რომ ახლა ეს ძნელი წარმოსადგენია.

 

 

"თუმცა, მაინც მგონია, ის კურსი, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" აერთიანებდა - ქვეყნის მოდერნიზაცია და პროდასავლური კურსი - რაღაც შეხების წერტილებს მაინც დატოვებს, რომელთა დანახვა ურთიერთბრალდებების ფონზე შესაძლოა ახლა ძნელი იყოს, მაგრამ მომავალში შესაძლოა ამ ძირითადმა საკითხებმა თავი იჩინოს და გარკვეული გადაკვეთა ისევ მოგვიწიოს.

 

 

"ცხადია, თუ მიზანი და ამოცანა ერთი რჩება, მაშინ შესაძლოა მიმდინარე პროცესების დინამიკამ შეხების წერტილები შექმნას და, შესაბამისად, შესაძლოა ერთობლივი ნაბიჯებიც დაიგეგმოს," - გვითხრა დავით დარჩიაშვილმა.

 

 

რა მოხდება პარტიის ორად გაყოფის შემდეგ

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პარტიის გაყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ ორივე მხარე ელექტორატის შესუსტებას იგრძნობს.

 

 

მისი აზრით, არსებული რეალობით, ერთ მხარეს (სააკაშვილის გუნდში) რჩება "პოლიტიკური მრევლი", რომელსაც არ აქვს რაციონალური პოლიტიკური აზროვნების უნარი და, შესაბამისად, პრობლემატურია; ხოლო მეორე მხარეს რჩება პოლიტიკური ელიტა, რომელსაც გარკვეული გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს, თუმცა ელექტორალურად შეფერთხილია.

 

 

ხუხაშვილის შეფასებით, ეს უფრო "ნაციონალური მოძრაობის" შიდა პრობლემაა, ვიდრე სახელმწიფოებრივი განვითარების.

 

 

"ვფიქრობ, დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" იქს რაოდენობის ელექტორატი ჰყავს და შესაბამისად, ეს ელექტორატი ახლა ორად გაიყოფა, რაც პოლიტიკურ ლანდშაფტში ბევრს არაფერს შეცვლის. ანუ, მგონია, რომ არცერთ განაყოფს დღეს არ აქვს იმის რესურსი, რომ მესამე ძალა მოიზიდოს. შესაბამისად, ერთი და იგივე ელექტორალური მასა ორად გაიყოფა და ამით არც არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ ორივე ჯგუფი დასუსტდება," - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

 

 

მისი აზრით, სააკაშვილის "მრევლს" ახალი ელექტორატის მოზიდვის რესურსი პრაქტიკულად ნულოვანი აქვს. ხოლო რაც შეეხება ბოკერიას ფრთას, მისი თქმით, მათ ამის თეორიული შანსი აქვთ, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში ანალიტიკოსი ვერც ამის შესაძლებლობას ხედავს.

 

 

"რეალურად არსებული სურათი გახლავთ გარკვეული სანახაობა და ვფიქრობ, რომ ეს არც ხელისუფლებისთვის იქნება კომფორტული განვითარება, რადგან ზუსტად მათ ინტერესებში შედიოდა ეს ორპოლუსიანი იწილო-ბიწილო. თუკი ახლა პოლიტიკური ველი მოსუფთავდება, ეს ნიშნავს, რომ ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბების შანსი გაჩნდება, რაც ხელისუფლების ინტერესში სულაც არ შედის," - განუცხადა "მთელ კვირას" ხუხაშვილმა.

 

გაზეთი "რეზონანსი"