სამყაროში არსებული არაორდინარული ცვლილებების ფონზე რა პროცესებია მოსალოდნელი, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის?! ამის შესახებ For.ge ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

 

 

ყველასთვის მოულოდნელად, გასულ წელს ოკეანის გაღმა „ამერიკელ ჟირინოვსკიდ“ მიჩნეულმა ტრამპმა გაიმარჯვა, ევროპაში კი ლიბერალიზმმა თავისი დრო მოჭამა და, სავარაუდოდ, ევროპაც სიურპრიზებით გაგვანებივრებს. მით უფრო, რომ ევროპელები უკვე მიხვდნენ, რომ სწორედ ზღვარგადასულმა ლიბერალიზმმა დაასუსტა ევროპა და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტები შეუსია. 2017 წლისთვის კიდევ რით გაგვაოცებს სამყარო?

 

 

- ამერიკაში პოლიტიკური ლანდშაფტი მთლიანად იცვლება. ჩვენ კი ისეთი ლობისტები არ გვყავს და ისეთი საელჩო არ გვაქვს, რომ ასეთ სიტუაციას მოვერგოთ. ჩვენ არ ვართ ისრაელი, არ ვართ თუნდაც იგივე სომხეთი, რომელსაც გააჩნია მძლავრი ლობისტური ჯგუფი. თუმცა ამ ლობისტურ ჯგუფებს მაინცდამაინც არ იყენებს. სომხებს აქვთ თავიანთი მისია რუსეთთან მიმართებით, ისინი კარგად გრძნობენ თავს და უსაფრთხოების მომენტებიც გააჩნიათ, ანუ ისინი არჩევენ დღევანდელ კვერცხს ხვალინდელ ქათამს.

 

 

მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, სომხებს ლობისტების მეშვეობით დასავლეთში ბევრის მიღწევა შეეძლოთ.

 

 

- მათ კიდეც მიაღწიეს იმაზე მეტს, რამდენიც შეეძლოთ, რადგან აზერბაიჯანთან მიმართებით ჩაშალეს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო ურთიერთობების განვითარება. დღეს ამერიკასა და აზერბაიჯანს შორის იკრძალება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის განვითარება. ანუ აზერბაიჯანის მიმართ სახელმწიფო კუთხით დახმარების აღმოჩენა იკრძალება 907-ე რეზოლუციის მიხედვით, რომელიც კონგრესმა მიიღო და ბლოკავს ამ ურთიერთობების არსებობას. ჩვენ არც ისრაელი ვართ, რომ ლობისტები გვყავდეს. ჩვენი ლობისტობა მიშას პერიოდშიც საკმაოდ უსუსური იყო. ჩვენ ფსონი დავდეთ არა მათზე, ვინც მართლაც ჩვენი მეგობრები იყვნენ, არამედ - რეაქციული ტიპის ნეოკონსერვატორებზე, რომელთაც ამერიკაშიც კი გიჟებად და გადარეულებად თვლიდნენ. მათი ლობისტობით სადამდე მივედით, ეს უკვე ცალსახაა. ამ ურთიერთობას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ჩვენ უნდა გვქონოდა ურთიერთობა რეალური პოლიტიკის შემქმნელ ბუშის ადმინისტრაციასა და ზომიერ ცენტრისტებთან. მართალია, ისინიც კონსერვატორები იყვნენ, მაგრამ ბევრად უფრო საღ მიდგომას ავლენდნენ. ამ მიმართულებით ამერიკასთან დღემდე კონტაქტები არ გაგვაჩნია.

 

 

ჩვენი ადგილი სად იქნება ამ წინააღმდეგობრივ სამყაროში? არის ასეთი მოსაზრება, რომ ევროჩინოვნიკები გაირყვნენ და იქ ფულით ყველაფრის გაკეთება შეიძლება. თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ და, თუ მსოფლიო დეგრადირებისკენ მიექანება, ალბათ, იმავეს განვრცობა შეიძლება ამერიკელ ჩინოვნიკებზეც. მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ლობისტებთან ურთიერთობას, თუკი ყოველთვის მოიძებნებიან ისეთნი, ვისაც ჩვენზე მეტი ფული ექნებათ? მით უმეტეს, გვაქვს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) გამოცდილებაც, რომელიც სააკაშვილის ნებისმიერ დანაშაულებრივ საქმიანობასაც კი ღირსეულ ქმედებად აღიქვამდა.

 

 

- ასე არ არის, რომ ევროპაში ლობისტური აზრი ფულით იყიდება. ჩვენს ცალკეულ ექსპერტებს ევროპული გაერთიანება ევრაზიულ გაერთიანებაში არ უნდა აერიოთ. ევროპასთან გაცილებით უფრო ახლო ურთიერთობები მაქვს, ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთანაც მქონია კავშირები. ვიცი იქაური სამზარეულო და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იქ არავითარი კორუფციული ელემენტები არ შეინიშნება. ასეთი რამ ნაკლებად ხდება. შესაძლოა, ამ მხრივ ინდივიდუალური გარიგებები იყოს, ვერაფერს გამორიცხავ, მაგრამ ის ფაქტი, რომ იქ მარტო ფულითა და ჩემოდნებით ჩააწყობ საქმეს, არარეალურია.

 

 

ამ მოსაზრების ავტორნი მიიჩნევენ, რომ მუსლიმანების სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღებოდა ევროპაში და ამას მუსლიმანური ლობი სწორედ ფულის მეშვეობით აღწევდა. შემდეგ კი ეს ყველაფერი ევროპას საზიანოდ მოუბრუნდა.

 

 

- ეს არ ნიშნავს, რომ მუსლიმანები ამას ფულით აღწევდნენ. მე ვიცი, ლობისტობა როგორი მომენტია. ლობისტებს უნდა დაანახო, რომ შენი პოზიციები მართალი და მიმზიდველია. კონცეფტუალურად, ანალიტიკურად უნდა წარმოაჩინო და ამ კუთხით შეხვიდე მათთან ურთიერთობაში. მაშინ შეიძლება შენი პოზიცია მიღებულ და გათვალისწინებულ იქნას, მათ შეიძლება ბევრი წინადადება აიღონ და დანერგონ კიდეც. ამაზეა საუბარი, რომ ამგვარ ლობისტობას მივაღწიოთ და არა ფულით ჩავიდეთ. ევროპელ ჩინოვნიკს ფულით ნამდვილად ვერ და არც გავაკვირვებთ. ამერიკელებთანაც შეგვეძლო უფრო მეტად გვემუშავა. ჩვენთან, საქართველოში პროფესიონალებს არ აფასებენ, ჩვენი პოლიტიკური კულტურა არქაული ტიპისაა. ჩვენ ვართ აფრიკული ტიპის სახელმწიფო, ამას პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

 

 

ერთ მაგალითს გეტყვით და დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ. საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა და, ჰოი საოცრება, იქ არც ერთი პოლიტოლოგი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და პოლიტოლოგიის მიმართულებით მკვლევარი არ შეიყვანეს. სხვა რაზე უნდა ვილაპარაკოთ? კონსტიტუცია არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც არ გახლავთ სამართლებრივ-იურიდიული დოკუმენტი. ეს წმინდა პოლიტიკური დოკუმენტია და მასზე უნდა მუშაობდნენ, პირველ რიგში, პოლიტოლოგები და მერე -იურისტები და სხვა დარგის სპეციალისტები. ამის მერე რომელი განვითარების ტემპებზე უნდა ვილაპარაკოთ? ჩვენ ვართ აფრიკული ტიპის სახელმწიფო.

 

 

2017 წლისთვის როგორი იქნება სამყარო? მსოფლიოში როგორი მოლოდინი არსებობს? მემარცხენე ძალები ნელ-ნელა ჩამოშორდებიან პოლიტიკურ ასპარეზს და გზას დაუთმობენ მემარჯვენეებს? რა მიმართულებით ელით ცვლილებს?

 

 

- პირველ რიგში, სამყარო იქნება მულტიპოლარული. რამდენიმე გავლენის ცენტრი იარსებებს და ამერიკის მონოპოლია ჩაესვენება. იქნება კვადროპოლარული სამყარო, სადაც მთავარ გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრებად მოგვევლინებიან ამერიკა, ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი. ეს ოთხი ქვეყანა იქნება მთავარი წამყვანი გლობალური გავლენის ცენტრი. ეს ჩანს კიდევაც. ჩვენდა სამწუხაროდ, ბარაკ ობამამ აღიარა, რომ რუსეთი სუპერსახელმწიფოა. რუსეთმა ეს დაამტკიცა იმ ქმედებით, რაც მან განახორციელა თუნდაც იმავე აღმოსავლეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში. ამას წინათ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ამ გაერთანებასთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი გამოხატეს უკვე ჩინეთმა, ინდოეთმა, ირანმა და ისრაელმა. ისინი აპირებენ, ითანამშრომლონ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან და შექმნან ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონები. უკვე ამ დონეზეა საუბარი. შესაბამისად, ჩვენ ხელიდან გავუშვით რუსეთის დომინანტობის განვითარების ტემპები.

 

 

ამერიკა ჩაიკეტება და შეიძლება დაიწყოს ნეოიზოლაციონისტური პოლიტიკის გატარება და მხოლოდ ერთგვარი სელექციური, შერჩევითი ტიპის ჩარევები განახორციელოს. მაგალითად, ამერიკამ უკვე ისრაელი აირჩია სტრატეგიულ პარტნიორად და აღმოსავლეთში ისრაელზე გააკეთა აქცენტი. საქართველოსაც აქვს შანსი, განახორციელოს ანალოგიური ტიპის პოლიტიკა, რომ ჩვენ შემდგომი სელექციური, შერჩევითი ჩარევის დროს ვიყოთ ისრაელის ტიპის დაინტერესებული სახელმწიფო. ამერიკის ინტერესები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს კავკასია -კასპიისპირეთის რეგიონის მიმართულებით. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ჩვენს მარიფათზეც, რასაც მე დიდად ვერ ვხედავ. ჩვენ ელემენტარულად ვართ აბუ-დაბიაში. ამ სიტყვას შემოვიტანდი. გავეხვიეთ ჩვენს მიერ შექმნილ აბლაბუდაში, საგარეო პოლიტიკის კოეფიციენტი ნულის ტოლს უახლოვდება. პროფესიონალებს პატივს არავინ სცემს და პროფესონალიზმი დაბალ დონეზეა. ეკონომიკაში არსებულმა ჩავარდნებმაც გვიჩვენა, რომ ჩვენს ეკონომიკაში არაპროფესიონალიზმის ბუდემ დაისადგურა. საგარეო პოლიტიკაშიც ხომ არის აბლაბუდა და ახლა ეკონომიკაშია.

 

 

ამერიკის მონოპოლიის ჩასვენება აპრიორი ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას?

 

 

- არა მარტო. აქ უკვე ჩინეთის ფაქტორი წამოვიდა. ნახეთ ტრამპი, ფაქტობრივად, პირდაპირ დარტყმას ახორციელებს არა რუსეთზე, არამედ ჩინეთზე. ანუ ტრამპმა დღეს თავის სამიზნეში ამოიღო ჩინეთი არა მარტო როგორც გეოეკონომიკური, გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ სამხედრო, გეოსტრატეგიული მოწინააღმდეგე. ფაქტობრივად, ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთიდან ჩინეთის მიმართულებით გადაიტანს ყურადღებას. ანუ 2017 წელს მთავარი პოლიტიკური პროცესები განისაზღვრება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების კონტექსიდან გამომდინარე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ წყნარი ოკეანეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია გადაიქცევა ყველაზე ცხელ რეგიონად. დღეს ყველაზე ცხელი რეგიონი არის აღმოსავლეთი, აღმოსავლეთ ევროპა, შავი ზღვისპირეთი. აქ ტრიალებს ეპიცენტრი, მომავალში კი შეიძლება ეპიცენტრი გადავიდეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია გახდეს ისეთივე მთავარი გეოსტრატეგიული მიზიდულობის ცენტრი, როგორც დღეს არის შავი ზღვისპირეთი.

 

 

აქ არსებული სიტუაციების განვითარების ფონზე შემდგომში აიგოს სხვა დიდ სახელმწიფოებს შორის არსებული გლობალური პოლიტიკა. რუსეთი გააძლიერებს თავისი გავლენის სფეროებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე და შეეცდება, გახდეს ერთადერთი დომინანტური ძალა ამ სივრცეში. მოგეხსენებათ, უკვე მოლდოვის პრეზიდენტმა ჩამოხსნა კიდეც სამთავრობო რეზიდენციიდან ევროკავშირის დროშა. ამ დონეზე მივიდა საქმე. ასევე, საინტერესოა ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობა. ეს იქნება ყველაზე დინამიური და მძაფრი ურთიერთობა, რადგან, როგორც ჩანს, ტრამპი არ მოერიდება ევროკავშირთან სავაჭრო ომების დაწყებასაც კი. როგორ წარიმართება ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. არ იქნება როგორც დღეს არის, როდესაც ამერიკა და ევროკავშირი არიან საერთო მოკავშირეები. შეიძლება, ევროკავშირმა დაიწყოს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების განვითარება და საკუთარი გეოპოლიტიკური კოდი შეიმუშაოს, რომელიც განსხვავებული იქნება ამერიკისგან. ევროკავშირს შეიძლება გაუჩნდეს თავისი გავლენის ზონები და სწორედაც ჩვენ უნდა შევეცადოთ ევროკავშირის ზონის გავლენის ქვეშ მოვხვდეთ იმის გამო, რომ ავერიდოთ რუსული გავლენის სფეროებს. თუმცაღა, დღევანდელი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კლანჭებიდან როგორ შეიძლება დავაღწიოთ თავი ასეთი პოლიტიკური მენეჯმენტის კუთხით, ჩემთვის წარმოუდგენელია. ანუ კვადროპოლარული სამყარო და მსოფლიო წესრიგის კვადროპოლარული მოწყობის მოდელი იქნება ყველაზე დომინანტური. ამასთან, კიდევ უფრო გაძლიერდება ისლამური ხალიფატის - „დაიში“-ს ფაქტორი და შეიძლება ამ კვადროპოლარული ფორმატის შიგნით „დაიშმა“ კიდევ უფრო გლობალურ მასშტაბს მიაღწიოს. ვეჭვობ, რუსეთში განხორციელებული ტრაგიკული შემთხვევა სოჭიდან თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, იყო ტერაქტი. რუსული მხარე ამას შეგნებულად მალავს და ნიღბავს.

 

 

შემთხვევითი არ არის, რომ რატომღაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უცებ დაიწყო საუბარი ოთხ ვერსიაზე და იმთავითვე გამორიცხა ტერაქტი, რაც დიდ ეჭვს იწვევს. ფაქტობრივად, თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოხდა, რაც ის აფრინდა სოჭის აეროპორტიდან სულ რაღაც რამოდენიმე წამში, სოჭში რადარიდან მოხდა მისი გაქრობა. ყველა ინდიკაცია, ჩვენება იმაზე მიუთითებს, რომ თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა. ანუ თვითმფრინავი წარმატებით დაფრინდა სოჭში და მას არავითარი ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონდა, რაც დამტკიცებულია. პირველი კლასის პილოტები მართავდნენ ამ თვითმფრინავს. ტერაქტის კვალს უკვე რუსი ექსპერტებიც არ გამორიცხავენ. რამდენიმე გამოცდილმა პილოტმა უკვე გააჟღერა, რომ ეს იყო ტერაქტი, რადგან ჰაერში მოხდა, როგორც ჩანს, აფეთქება. ეს ტრაგედია ძალიან ჰგავს სინაის ნახევარკუნძულზე განხორციელებულ ტრაგედიას, როცა რუსული თვითმფრინავი დაიკარგა რადარებიდან, დაიშალა ჰაერში და მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტერაქტი. ანუ მოხდა ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა ბორტზე, შარმ-ელ-შეიხის აეროპორტში ეგვიპტეში და მერე მოხდა მისი აფეთქება. რუსულ მხარეს არ აწყობს ტერაქტის გაჟღერება გასაგებ მიზეზთა გამო. სხვათა შორის, ამ ბორტზე დაიღუპა, ასევე, რუსეთის სამხედრო-პოლიციის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა ალეპოში წესრიგის დამყარება. არა მარტო მსახიობები და ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, არამედ იქ იყვნენ კიდევ სამხედრო პოლიციის ნაწილები, რომლებიც ჩეჩნეთიდან მიფრინავდნენ სირიაში. დიდი ალბათობაა, რომ სწორედ ამ ჩეჩნური შენაერთის შემადგენლობაში მოხდა ინფილტრაცია, შეღწევა სავარაუდოდ „დაიში“-ს სპეცსამსახურების წარმომადგენლებისა, რომლებმაც, როგორც ჩანს, განახორციელეს ეს ტერაქტი.

 

 

ანუ მსოფლიოში ისლამური სამყაროს მოძალებას ვერაფერს მოუხერხებენ კოალიციური ძალები, ჯეიმს მეტისი და სხვები?

 

 

- სანამ არ მოხდება კონსენსუსის მიღწევა, მანამდე დარჩება ასეთი ვითარება. „დაიში“-ს ფაქტორი, როგორც ჩანს, კვლავაც იქნება დომინანტური, სულ მცირე, ამ წელს მაინც. ანუ მსოფლიოში შეიქმნება ოთხი გავლენის ცენტრი-ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი და ევროკავშირი და პლუს ამას დაიში.

 

 

ევროპას რას უქადის ახლო აღმოსავლეთიდან მოწოლილი ლტოლვილების ტალღა და ევროპელ პოლიტიკოსებზე ეს როგორ აისახება?

 

 

- შეიძლება, კიდევ უფრო გაუარესდეს ურთიერთობა თურქეთსა და ევროკავშირს შორის. არ არის გამორიცხული, ეს ტალღა, ასევე, აღმოსავლეთ ევროპიდანაც წამოვიდეს. ის კი არა, შეიძლება, ეს ტალღა საქართველოსაც მოაწყდეს. ამანაც ითამაშოს საკმაოდ რთული როლი ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ანუ ტალღის მოძალებას ჩვენც უნდა ველოდოთ ახლო აღმოსავლეთიდან. აღმოსავლეთში სიტუაცია არ ჩაქრება, კიდევ უფრო დრამატული გახდება და გამძაფრდება. არა მგონია, ასტანაში მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი მოიტანოს ე.წ. ზომიერ ოპოზიციასა და ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს შორის, რომელიც იმართება რუსეთის, თურქეთისა და ირანის მედიატორობის მეშვეობით. ევროპაში ნაციონალისტები მოვლენ.

 

 

გერმანიაში ნაციონალისტურად განწყობილი გაერთიანებები მოვლენ, მემარჯვენეები. საფრანგეთშიც, ასევე, მოვლენ ნაციონალისტები. დიდი ვარიანტია, რომ მარი ლე პენის ნაციონალისტურმა პარტიამ პარლამენტშიც წარმატებას მიაღწიოს. მემარჯვენე ტიპის პოლიტიკოსი ფრანსუა ფიიონი, ალბათ, საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება და ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაზეც. შეიძლება დაიწყოს ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა. ბუნებრივია, ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ძალად, რადგან ბრიტანეთს მარტო გაუჭირდება გლობალური გავლენის ცენტრად დარჩენა. ბერლინის, ლონდონისა და პარიზის, ამ სამკუთხედის ფარგლებში შეიძლება ვიხილოთ ევროკავშირის ახალი გავლენის ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერება. თუმცა აღმოსავლეთის კონფლიქტმა შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია ევროკავშირში.

 

 

პოლიტიკიდან ლიბერასტების ჩამოშორება რამდენად შეუწყობს ხელს ევროპის გაძლიერებასა და ისლამური ტალღის შენელებას? რამდენად უფრო გონივრული იქნება მემარჯვენეების მოსვლა ევროპულ პოლიტიკაში?

 

 

- ლიბერასტების ხანა უკვე წარსულს ჩაბარდება. ლიბერტარიანობაზე და ლიბერალობაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე, რომელსაც ახლებური მიდგომის შემუშავება სჭირდება. შეიძლება, კიდევ უფრო მწვავე პრობლემად იქცეს ბირთვული უსაფრთხოების თემა.

 

 

თქვენ ბრძანეთ ამერიკა-ჩინეთის ახლებური ურთიერთობის შესახებ. ეს მიზანი ხომ არ დაემთხვევა რუსეთის მიზანს, სადაც ასევე მწვავედ დგას შორეულ აღმოსავლეთში ჩინური ტალღის მოძალება? თუნდაც ამ ნიშნით ამერიკა და რუსეთი ხომ არ გაერთიანდებიან ჩინეთის წინააღმდეგ?

 

 

- სწორედ ჩინეთ-ამერიკის ეპიცენტრი იქნება მთავარი დაპირისპირების არეალი. თავიანთი იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩინეთი და რუსეთი შეიძლება უფრო ახლოს დადგნენ და ბევრი საერთო შეხების წერტილი ნახონ ერთმანეთთან. კვადროპოლარულ სამყაროში შეიძლება მოხდეს, პირველი, ჩინეთისა და რუსეთის დამეგობრება და, მეორე, ევროკავშირისა და ამერიკის დაახლოება. თუმცაღა, შეიძლება დაიწყოს დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაშებიც და მსოფლიო წესრიგი დაეფუძნოს წმინდა კლასიკური ტიპის ფორმატს. ანუ ოთხივე გავლენის ცენტრს ექნება საკუთარი ინტერესები და გავლენის ზონების ფარგლებში მოხდება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. შესაძლოა, ახალი გეოპოლიტიკური კოალიციებიც ვიხილოთ, როგორც ეს იყო ცივი ომის პერიოდში, როცა ამერიკა-დასავლეთ ევროპა დაუპირისპირდნენ აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირს. შეიძლება ახლაც შეიქმნას, პირობითად, რუსეთ-ჩინეთის კოალიცია და ევროკავშირ-ამერიკის კოალიცია. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საეჭვოა, ასე მოხდეს. ჩემი აზრით, ამერიკა დამოუკიდებელ თამაშს ითამაშებს და ღიად დაუპირისპირდება ჩინეთს. ყველას თავისი ინტერესები ექნება და ისინი ერთმანეთს არ შეეკვრებიან. უფრო დიდია ალბათობა, რომ ევროკავშირსა და ამერიკას შორის დაპირისპირებები გაჩნდეს სავაჭრო ომების სახით, ანუ ორი გეოეკონომიკური გიგანტი დაუპირისპირდეს ერთმანეთს. რაც შეეხება რუსეთსა და ევროკავშირს, ისინი ახლაც არიან დაპირისპირებულნი და არსებობს სანქციების თემა. თუმცაღა, ევროკავშირის ახალი ლიდერები რა პოლიტიკას გაატარებენ რუსეთთან მიმართებით, არავინ იცის. ასევე, საინტერესო იქნება, რუსეთ-ჩინეთს შორის ურთიერთობის განვითარების მომენტი იმ ფონზე, როცა ტრამპსა და პუტინს შორისაც შეიძლება ურთიერთობა დათბეს. ეს ყველაფერი გამოჩნდება 2017 წლის პირველ ან მეორე ნახევარში.

 

 

და ბოლოს, 2017 წელს ნატოს კარზე კაკუნს მოვრჩებით და მივაღწევთ საწადელს?

 

 

- როგორ გითხრათ, თვითონ ნატოს თემაა საინტერესო. თავად ნატოს ვერ გაურკვევია, როგორ ჩამოყალიბდება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ეჭვი მეპარება, რომ ჩვენთან მიმართებით ნატოში ინტეგრაცია რაიმე კუთხით წარიმართოს და მაპის სტატუსს ამ წელს მივაღწიოთ. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ვითარებიდან გამომდინარე. გარდა სამხედრო პირობებისა, დღევანდელ თავდაცვის სამინისტროში არსებული სიტუაცია ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ე.წ. ყბადაღებული ოპტიმიზაცია, როდესაც ხდება გამოცდილი სამხედრო ოფიცრების მასობრივი დათხოვნა შეიარაღებული ძალებიდან, ამ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. შესაძლოა, არაკომპეტენტურობამ და კლეპტოკრატიამ დიდ ზომებს მიაღწიოს თავდაცვის სამინისტროში. ახლა იწყება უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის, თუნდაც იმავე კანონმდებობის შეცვლა, საიდუმლო დოკუმენტაციისა და საიდუმლოების შესახებ კანონის გადაფორმატირება, რომლითაც ჩვენ ვუახლოვდებით ნატოს სტანდარტებს. უსაფრთხოების სფეროში ნატოს სტანდარტებისგან ძალიან შორს ვართ, ეს სტანდარტები არც შეგვხებია. ასევე, რჩება სამართლებრივი ჰარმონიზაციის თემა, რაც მოსაწერიგებელია. ამდენად, იმდენი თეთრი ლაქა შეიძლება წარმოიშვას ორმხრივი ურთიერთობების ფონზე, რომ ამ წელს, ალბათ, მოვუნდებით ამ ლაქების ამოვსებას.

 

for.ge