უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუკი მთავრობა განსაკუთრებულ ზომებს არ მიიღებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უცხოელი მოქალაქეების საკუთრებაში გადავა. იმის ნაცვლად, რომ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს გაუფრთხილდეს, მთავრობა გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს და ქართულ მიწის უცხოელებზე გაყიდვას არხეინად განაგრძობს ისე, როგორც ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ხდებოდა.

 

 

მართალია, ორიოდე წლის წინ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში მიწის შეძენაზე მორატორიუმი დაწესდა, მაგრამ შეზღუდვამ მხოლოდ ერთ წელიწადს გასტანა. 2016 წლის თებერვალში მორატორიუმი გაუქმდა და საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად უცხოელებს გზა გაეხსნათ. სპეუიალისტების აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მიწის მიმართ ხელისუფლების გულგრილობას და საბოლოოდ ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ყველაფერი იყიდება. მთავარია, მიწა გასხვისდეს და არა აქვს მნიშვნელობა რა ფასად და ვინ ჩაიგდებს ხელში მას. ასეთ უპრეცედენტო შესაძლებლობას უცხოელებს ქვეყნის კანონმდებლობა ანიჭებს.

 

 

არსებულ რეალობას აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ქართული სოფლის გადაგვარების ტოლფასად აფასებს. მისი განცხადებით, უკვე სრულიად რეალურია საფრთხე იმისა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდეს.

 

 

"დღეს ქართველი გლეხკაცი, როგორც მიწის მესაკუთრე და მისი პოტენციური მყიდველი, მომხმარებელი, მფლობელი და გაჭირვების გამო გამყიდველი, არაკონკურენტუნარიანია მრავალ სხვა სუბიექტთან მიმართებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, ქართული მიწები სულ სხვა, არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის უნდოდეთ - აგარაკების აგებით დაწყებული, ხრიოკ ქვეყნებში წასაღებად მიწის ნაყოფიერი ზედაფენის მოჭრით დამთავრებული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მთავრობა, რბილად რომ ვთქვათ, ჭარბად ავლენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სურვილს, რის გამოც აშკარად იგრძნობა ტენდენცია, რომ უცხოელ მეწარმეს გაცილებით უკეთესი პირობები აქვს საქმის წამოწყებისთვის, ვიდრე ადგილობრივს. ეს კატეგორიულად დაუშვებელია, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ და მოწყვლად დარგში, როგორიც სოფლის მეურნეობაა.

 

 

გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა (მემცენარეობა), არ არის ინვესტიციატევადი დარგი და იქ ინვესტორის წახალისების პოლიტიკა ყველაფრის ფასად არ უნდა ტარდებოდეს. ეს დარგი არა მარტო ეკონომიკური აქტივობის მიმართულებაა, არამედ ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმძლავრესი ინსტრუმენტიცაა", - აცხადებს კოღუაშვილი.

 

 

მისი თქმით, იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის იმისას, რომ უახლოეს მომავალში ქართული მიწების დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება. განსაკუთრებით აზიის ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, არაბული სახელმწიფოები, ისრაელი) უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან უმწვავესი ჭარბმოსახლეობით და მცირემიწიანობით.

 

 

"ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე, პრაქტიკულად, ნიშნავს ერთ თაობაში ქვეყნის მიწის მთელი ფონდის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე დარჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. ამის განჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება.

 

 

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ დღესდღეობით ქვეყნის მმართველ ინსტანციებში დასაქმებულთა შორის (მათ რიცხვში არიან ცოლშვილიანი მამაკაცები და ქმარშვილიანი ქალბატონები) ისეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც მზად არიან საქართველოს მთელი მიწა გაყიდვის საგნად აქციონ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათ შთამომავლობას (ძალიან მცირე გამონაკლისით) სამშობლოს გარეთ პერსპექტივა არ ელით, საქართველოში კი არანაირი წონისა და არანაირი გავლენის შენარჩუნების იმედი არ შეიძლება ჰქონდეთ", - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

 

 

აყოფილი დეპუტატი, საკონსტიტუციო კონგრესის დამფუძნებელი თენგიზ დიხამინჯია ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას ქვეყნისა და ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულად აფასებს. მისი განცხადებით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტოტალური გადასვლა უცხოელთა საკუთრებაში ისეთი საშიშროება, რომლისგანაც დაცვა "აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას" წარმოადგენს.

 

 

"სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხელების ხელში გადასვლა ქვეყანას კატასტროფულ შედეგს მოუტანს, მით უმეტეს, როცა კონკურენცია ელემენტარულად არ არსებობს. ქვეყანაში საშუალო ფენა არ არის შექმნილი და კონსტიტუციის მუხლები საკუთრებასა და უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ბუნდოვანია. საქართველოში მიწის საკუთრების საკითხი, სააკაშვილის მმართველობიდან მოყოლებული, საშიშ მასშტაბს იღებს. როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებასაც მემკვიდრეობით გადმოეცა იგი და თავი და ბოლო არ უჩანს.

 

 

პრობლემაა, რომ ქვეყანაში მიწის კანონი არ არსებობს და გადაწყვეტილებები თვითნებურად არის მიღებული. როცა კონკურენცია არ არის, ფული არ ტრიალებს და ვერ შეიქმნა ქართული ბურჟუაზია, ამ სიტყვით კარგი გაგებით, ბუნებრივია, ქვეყნის მატერიალური რესურსი უცხოელების ხელში აღმოჩნდება. ამიტომ დიდია საფრთხე, რომ ჩვენი მიწა-წყალი სამომავლოდ უცხოელებმა განკარგონ. ამით ქართული ნაციონალური იდეა და ერის არსებობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება", - აცხადებს დიხამინჯია და დასძენს, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და აკრძალოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვა, რისი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

 

 

"სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვით რომ ბიუჯეტი არ შეივსება ეს ისედაც გასაგებია. როგორც სააკაშვილი გადაჰყვა თავის ბოროტმოქმედებას, ისე გადაჰყვება დღევანდელი ხელისუფლებაც, თუკი ქართული მიწის საკითხს სახალხო განხილვის არეალში არ მოაქცევს. გადაწყვეტილება დიდი განსჯის, აწონ-დაწონვისა და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად უნდა იქნას მიღებული. ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად საჭიროა მიწის კანონმა მიიღოს თანამედროვე, ცივილიზირებული ფორმა, რაც მოხდება მხოლოდ დიალოგისა და მოწინავე აზრის გათვალისწინებით.

 

 

მთელი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას. დემოკრატიული მსოფლიო მიწათსარგებლობის თემას უკიდურესი სიფაქიზით ეკიდება. სხვა დამოკიდებულება მხოლოდ ხელისუფლების ჰორიზონტის შეზღუდულობაზე, უპასუხისმგებლობაზე და უპერსპექტივობაზე მეტყველებს. ამდენად პასუხისგება არავის აცდება. ეს არის არა მხოლოდ პროგნოზი, არამედ საქართველოს მოსახლეობის მყარი ნება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დიხამინჯიამ.

 

 

მიწის უცხოელებზე გაყიდვას ქვეყნისთვის გადაულახავ პრობლემად მიიჩნევს პროფესორი ბადრი რამიშვილი.

 

 

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, რომ მიწა სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე გაიყიდოს. ფინანსურად ის შედეგს ვერ მოიტანს, რადგან სოფლის მეურნეობა არ არის ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვანი დარგი, განსაკუთრებით, მემცენარეობა. 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შეიძლება განხორციელდეს მაქსიმუმ 1500 ლარის ინვესტიცია, რაც ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად არის საჭირო, ცოტა მეტი - მრავალწლიანი კულტურების მოსაშენებლად. ამდენად, ფინანსურად ეს არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება.

 

 

ფული უჭირს ამ ხელისუფლებას და რატომღაც ჩათვალეს, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვა გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, თუნდაც ლარის გამყარების მიმართულებით. მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც რომ გავიტანოთ ბაზარზე გასაყიდად, 1 მლრდ დოლარზე მეტს ვერ მივიღებთ. ამაზე ბევრად მეტი რეზერვი აქვს ეროვნულ ბანკს და ვერ აჩერებს ლარის დევალვაციას, მიწის გაყიდვა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ის არის მხოლოდ საფრთხე, რაც ხელისუფლებამ შეიძლება დაუძლეველ, გადაულახავ პრობლემად აქციოს", - აცხადებს ბადრი რამიშვილი.

 

 

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, სპეციალისტების განმარტებით, ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში, სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში. ირლანდიის კანონმდელობის მიხედვითაც, ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების (ფრანგი ერის სიამაყის საგანი) და განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის შეძენა. აშშ-ში 1978 წელს მიიღეს ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, მისი მიხედვით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

 

გაზეთი "რეზონანსი"