"ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფა უკვე გადაწყვეტილია. სხვადასხვა საშუალებით გავცრელებულ ცნობებს, რომ ხვალ, 12 იანვარს ბოკერია-ბაქრაძის გუნდი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად პარტიას ოფიციალურად გამოეყოფა და საზოგადოების წინაშე "ევროპული საქართველოს" სახელით გამოჩნდება, "რეზონანსის" წყაროებიც ადასტურებენ.

 

 

შესაბამისად, პარლამენტშიც ახალი ფრაქცია შეიქმნება და მასში რამდენიმე ცნობილი დეპუტატი შევა.

 

 

სააკაშვილის ფრთა კი პარლამენტში ახალი ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით და, სავარაუდოდ, 6 დეპუტატით იმუშავებს.

 

 

რაც შეეხება დაპირისპირებულთა გადაჯგუფებას, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გუნდში შემავალ დეპუტატებსა და პოლიტიკოსებს შორის, გაცხადებული პოზიცია ნიკა მელიასთან ერთად, დეპუტატ თინა ბოკუჩავას აქვს. "რეზონანსის" ინფორმაციით, ამავე ფრთაში მოიაზრებიან: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, გიორგი ტუღუში, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი.

 

 

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოფილ სახალხო დამცველზე, გიორგი ტუღუშზე მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა აზრი იმის შესახებ, თითქოს დეპუტატი პარლამენტში მანდატის დატოვებას აპირებდა, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნული ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.

 

 

სააკაშვილის გუნდში ასევე არიან ყოფილი დეპუტატები და ცნობილი სახეები: ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, აკაკი მინაშილი, ნუგზარ წიკლაური, ზაზა ბიბილაშვილი, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები.

 

 

საგულისხმოა, რომ ექსპრეზიდენტის გუნდის წევრების მიერვეა 20 იანვრის ყრილობის საორგანიზაციო კომისია დაკომპლექტებული, რომელსაც პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც ბოკერიას გუნდი არალეგიტიმურს უწოდებს.რაც შეეხება უშუალოდ პოლიტსაბჭოს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს გამართვაზე ამჟამად პარტიაში საუბარი არ მიდის, ხოლო ბოკერია-ბაქრაძის გუნდი მაღალი ალბათობით, 12 იანვარს "ნაცმოძრაობას" გამოეყოფა.

 

 

რაც შეეხება ბოკერია-ბაქრაძის გუნდს, მასში ერთიანდებიან შემდეგი დეპუტატები: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, აკაკი ბობოხიძე, ლევან ბობოხიძე, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ზაზა კედელაშილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ოთარ კახიძე და გიგი წერეთლი.

 

 

ასევე, 25 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 

 

"რეზონანსის" წყაროს ცნობით, ამავე გუნდს მხარს უჭერს პოლიტსაბჭოს გარკვეული ნაწილი. მათ შორის, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი (გოკა) გაბაშვილი.

 

 

აღსანიშნავია, რომ თუ ბოკერიას გუნდი "ნაციონალური მოძრაობიდან" წავა, რაც, პრინციპში, უკვე გადაწყვეტილია, ის "ევროპულ საქართველოში" გადაინაცვლებს, რომელიც პარლამენტში ენმ-სთან ბლოკით შევიდა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის მამას ეკუთვის.

 

 

"ნაციონალურ მოძრაობას" კი ექნება თავისი ფრაქცია. ფრაქციის შესაქმნელად 6 დეპუტატია საჭირო, ამდენი დეპუტატი კი, ჩვენი ინფორმაციით, პარტიაში ისედაც რჩება.

 

გაზეთი "რეზონანსი"