ჭრელი აბანოების ყოფილმა მფლობელმა კი სახელმწიფოს დახმარების იმედი დაკარგა

რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5

კუს ტბის კომპლექსის ყოფილმა მფლობელმა ქონების ახალ მეპატრონეებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. როგორც ბესიკ ხარძიანი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, კომპლექსის ახალი აქციონერები „თაღლითები არიან და წილის დათმობას არ აპირებენ“. წინა მთავრობის პირობებში დაზარალებული ბიზნესმენის განცხადებით, მის საქმეზე პროკურატურაში გამოძიება კვლავ გრძელდება და აღნიშნული საქმის გადაწყვეტის საშუალება დღეს მხოლოდ სახელმწიფოა.

ჭრელი აბანოების ყოფილი მფლობელი კი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფოს დახმარების იმედი დაკარგა. გრიგოლ ხიზანიშვილის თქმით, პროკურატურისგან უკვე თვეებია რაც არაფერი ისმის და საქმე არ იძვრის. ხიზანიშვილი არც ქონების ამჟამინდელ მფლობელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და აცხადებს, რომ ჭრელი აბანოების ახალი მეპატრონეები ყაჩაღები არიან.

როგორც ვიუწყებოდით, საქართველოს პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებზე შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. პრემიერის თქმით, საჩივრების რაოდენობა იმდენად დიდია მათი კლასიკური – სასამართლოს გზით გადაჭრა "უსაშველო გახდება", რადგან 7 მილიარდზეა საუბარი და 7 მილიარდი ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტია.