12 დეკემბრეს, ყოფილი პრემიერის ძმამ გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ერთ წელსაც არ გაგრძელდება. მისი თქმით, გამოძიების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს თვეებში დასრულდება.


მიუხედავად გოგლა ჟვანიას განცხადებისა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი ხელს არ შეუწყობს გამოძიების პროცესს, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს ყოფილი პრემიერის მეგობარ ლალი ანთიასთან.


გამოცემის ინფორმაციით, ლალი ანთია ის ადამიანია, ვისაც ცოცხალი ჟვანია ტელეფონით უკანასკნელად ელაპარაკა.


ლალი ანთია აცხადებს: - "მერაბიშვილი სიკვდილით და შვილების განადგურებით მემუქრებოდა. მეუბნებოდა, გამოდი, თქვი, რომ ზურაბ ჟვანია „ისეთი“ იყო, რომ თბილისში კონსპირაციულ ბინები ჰქოდნაო... მითხრა - შეეშვი იმის ძახილს, რომ ზურაბ ჟვანიას უკანასკნელად შენ ელაპრაკე ტელეფონით, ნუ იძახი, რომ ჟვანია მოკლეს, თორემ ჩვენ 30 წლით ვართ ხელისუფლებაში მოსული და ვერაფერი გიშველის, ციხიდან ცოცხალი ვერ გახვალო. სხვათაშორის, ვინც ჩემთან შემოდიოდა ციხეში და ვისაც მივყავდი მერაბიშვილთან შესახვედრად, ყველას ვიცნობ. სხვა სახელებს და გვარებს მეუბნებოდნენ, მაგრამ სახეზე ყველას ვიცნობ, ერთ - ერთი მათგანი ამას წინათ ვნახე ტელევიზიით, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს ედგა გვერდით."


ლალი ანთია სასჯელს თაღლითობის ბრალდებით იხდიდა. მისი თქმით, ციხიდან გამოსვლის წინ ინსტრუქციები მისცეს თუ როგორ უნდა გაწევრიანებული „ქართულ ოცნებაში“ და როგორ უნდა ემუშავა იქ ნაციონალების სასარგებლოდ. დღეს, ახალი ხელისუფლება, პიროვნებას, რომელიც მას ინსტრუქციებს აძლევდა ერთ-ერთ დიდ თანამდებობაზე ნიშნავსო, - აცხადებს ანთია, თუმცა, მისი ვინაობის გასაჯაროვებისგან ამ ეტაპძე თავს იკავებს.


ლალი ანთია ასევე ამტკიცებს, რომ ზურად ჟვანიას სეიფში ჰქონდა შენახული ვანო ჩხარტიშვილის ნაჩუქარი ძვირფასი მობილური ტელეფონი, რომელიც 2005 წლის ზაფხულში კობა ხარშილაძეს ეჭირა ხელში, როცა ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ანთიას განცხადებით, მან ჰკითხა ხარშილაძეს, რატომ წამოიღო ჟვანიას ტელეფონი. ხარშილაძემ კი განუცხადა, რომ ეს ტელეფონი ჟვანიამ თავად აჩუქა. ანთიას მისი არ სჯერა და აცხადებს, რომ დაცვის წევრმა ხარშილაძემ მკვდარი ჟვანია გაძარცვა.


„ხარშილაძემ მკვდარ ზურაბ ჟვანიას მანტოს ჯიბიდან ამოაცალა გასაღები და ასე გააღო როგორც ვაშლიჯვრის ოფისის, ისე კანცელარიის სეიფები.“ - აცხადებს ანთია


შეგახსენებთ, რომ ჟვანიას დაცვის წევრი კობა ხარშილაძე, 17 დეკემბერს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს. თუმცა ეჭვები, იმის თაობაზე, რომ ხარშილაძის დაკავება ჟვანიას საქმეს უკავშირდებოდა იმავე დღეს გამოითქვა. 18 დეკემბერს კი კობა ხარშილაძე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 400 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.