„მივმართავ გენერალურ პროკურორს: მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ახლობელი შმაგი ქემერტელიძე და მისი მფარველი პავლე კუბლაშვილი კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ!“ რამდენიმე თვის წინ ამ სიტყვებით მოგვმართა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთმა მსხვერპლმა დავით მუმლაძემ. მან ჩვენთან საუბარში იმ უკანონობაზე ისაუბრა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ პავლე კუბლაშვილის დახმარებით განახორციელა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ დათო მუმლაძისთვის ჭიათურაში მდებარე მარგანეცის მინი-ქარხანის წილის წართმევა განიზრახა და საბოლოოდ მოტყუებით და შანტაჟით კიდეც წაართვეს, დათო მუმლაძე კი დაიჭირეს.

 

 

„ექსკლუზივ ნიუსი“ ამ თემაზე მუშაობას განაგრძობს. ჩვენს საუბარს უცვლელად შემოგთავაზებთ. ასევე იმასაც მოგახსენებთ, თუ რა ბედი ეწია დათო მუმლაძის საჩივარს, რომლითაც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას ერთი წლის წინ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მეორედ 2013 წლის 27 დეკემბერს პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მიმართა, რომელიც 2 დღეში, 29 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა. მუმლაძის განცხადებამ დიდი გზა გაიარა გენერალური პროკურატურიდან იმერეთის მხარის პროკურატურამდე, ბოლოს საქმე ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურაში მოხვდა. თუმცა უშედეგოდ, პროკურატურას ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს, რადგანაც ამ საქმეში მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პავლე კუბლაშვილია.

 

 

დავით მუმლაძე; „ჩემზე რომ საქმე აღიძრა, მამაჩემი ნერვიულობისაგან გარდაიცვალა. მე რომ დამაპატიმრეს, რამდენიმე თვეში ჩემი დაც დააკავეს. დედაჩემმა ორჯერ ინფარქტი გადაიტანა და ახლა ონკოლოგიური ავადმყოფია. რაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა, კონკრეტულად კი 2004 წლიდან დაიწყო ჩემი დევნა. ჭიათურის პოლიციაში სამძებრო განყოფილების უფროსად ვმუშაობდი. შეიკერა საქმე, თითქოს 2003 წლის იანვარში, ვინმე კურტანიძისგან, რომელმაც ჯართი შეაგროვა და ჩააბარა და რის გამოც ის დააკავეს, თითქოს მისგან ქრთამად 300 ლარი ავიღე. კურტანიძემ კი განაცხადა, რომ არანაირი ქრთამი დათო მუმლაძისთვის არ მიმიციაო, მაგრამ პროკურატურა მაინც აძალებდა ეღიარებინა, რომ ქრთამი გადმომცა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან თვალი დაადგა ყველას, ვისაც რაიმე ბიზნესი გააჩნდა, მსგავსი საქმეები მათ მიმართაც იკერებოდა.

 


2004 წელს 26ივნისს პროკურატურამ ბრალი წამიყენა, მაშინ არ დავუკავებივარ. მხარის პროკურორი მიხეილ ჩოგოვაძე მეუბნებოდა: „კაი, ამ საქმეში თუ არ აგიღია ქრთამი, სხვა საქმეში ხომ გექნება აღებული, გავიგებთ და მაინც დაგიჭერთო. ჩემს მიმართ იმჟამინდელი ხელისუფლების დაპირისპირების რეალური მიზეზი იყო ის, რომ ჩვენს ოჯახს ჰქონდა მარგანეცის გადამამუშავებელი მინი ქარხანა შპს „ყვირილა 25“, რომლის 50%-ის მოწილეებიც ვიყავით. საქმე როცა აღიძრა, ამ საქმემ შემოიარა თითქმის ყველა ინსტანცია, სასამართლოს მიერ გამოტანილ ყველა გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდი, მაგრამ საბოლოო შედეგი ის იყო, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე გამოსაძიებლად ისევ პირველ ინსტანციაში დააბრუნა და 2007 წელს პროკურატურამ ჩემს შესახებ ძებნის დადგენილება გამოიტანა. როცა უკვე ძებნაში ვიყავი, ნაციონალებმა ჩემთან ხალხის გამოგზავნა დაიწყეს. მთავაზობდნენ, სჯობს გადმოგვიფორმო ქარხნის 50%-იანი წილიო.

 

მოსალაპარაკებლად შმაგი ქემერტელიძე დადიოდა, რომელიც დაახლოებულია მიხეილ სააკაშვილთან, ვანო მერაბიშვილთან და პავლე კუბლაშვილთან. ქემერტელიძეს აქვს საშუამავლო ფირმა, რომელიც ჭიათურის მარგანეცისთვის უკრაინიდან და რუსეთიდან პროდუქციის შემოტანას ხელმძღვანელობს. შმაგი ქემერტელიძის ცოლი, თამთა, შეხვდა ჩემს დას, ნანა მუმლაძეს და უთხრა, რომ შენი ძმა ძებნაშია, ეს ხელისუფლება ქარხნის წილს მაინც წაართმევს, გადმოაფორმეთ ჩვენს სახელზე, თქვენი წილიდან შემოსავალს მიიღებთ და პრობლემას რომ მოაგვარებთ, ისევ გადმოგიფორმებთ უკანო. დაკარგვას არ გირჩევნიათო? იმის შიშით, რომ ქონება არ დაგვეკარგა, გადავწყვიტეთ ეს შემოთავაზება მიგვეღო. რადგანაც მე ძებნილი ვიყავი, ჩემს დაზე, ნანა მუმლაძეზე გავაკეთე მინდობილობა, ხოლო ჩემმა დამ შმაგი ქემერტელიძის ნათესავზე, ვინმე გიორგი ჭელიძეზე ნოტარიულად გადააფორმა წილი. წილის გადაფორმებიდან ცოტა ხანში, ქარხანა რომ წარმატებით მუშაობდა და ჩემი კუთვნილი ქონებიდან თანხა არ შემოდიოდა ჩემს ოჯახში, გადავწყვიტე ქემერტელიძესთან მივსულიყავი, გამეგო რა ხდებოდა...
- აქ მოსული არ გნახოთ, თორემ შენს თავს დავაჭერინებთო, მითხრეს. მოკლედ, თაღლითური გზით გადაიფორმეს ჩემი კუთვნილი ქონება და შემდეგ დაჭერით დამემუქრნენ, ქემერტელიძე ვანო მერაბიშვილის ნათესავია. ამ საქმეში თავიდან ბოლომდე პავლე კუბლაშვილია ჩართული და მინი-ქარხანა მუშაობას სწორედ მისი ლობირებით განაგრძობს.

 


შემდეგ ისევ დავიწყე ჩივილი, 2011 წლის მარტში, ქუჩაში მანქანით მოძრაობისას დამაკავეს. თუ არ ვიჩივლებდი, ნაციონალები არასოდეს დამიჭერდნენ, ვიჩივლე და კიდეც დამიჭირეს. მომისაჯეს წელიწადი და ხუთი თვე. ჩივილი ჩემმა დამ განაგრძო, რომელიც პროფესიით ადვოკატია. რამდენიმე თვეში თითქოსდა თაღლითობის ბრალდებით ისიც დააკავეს, სააკაშვილის ხელისუფლებამ მთელი ოჯახი მიწასთან გაგვასწორა. დამაკავეს 3 შვილის მამა. ჩემს უმცროს შვილს წელიწად-ნახევრის განმავლობაში უმალავდნენ ჩემს დაპატიმრებას. დედაჩემს ორჯერ ინფარქტი დაემართა, ორი შვილი ციხეში ჰყავდა და მიკვირს როგორ გადარჩა.

 


ახლა მე და ჩემი და ვცდილობთ, სააკაშვილის ნაცბანდისგან ჩვენი ქონება კანონიერი გზით დავიბრუნოთ.
2013 წლის 25 აპრილს განცხადებით მივმართეთ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს. საქმე დაეწერა ვინმე სოფიო ბარაბაძეს, პროკურორს, რომელიც ნაციონალების ინტერესებს კბილებით იცავს. ახლა როცა ახალი ხელისუფლების იმედი გვაქვს სააკაშვილის რეჟიმის ათასობით მსხვერპლს, თუ ნაც-პროკურორებმა მათ ისევ დააფარეს ხელი, გამოდის რომ საშველი არ ყოფილა.

 


უმორჩილესად მოვითხოვ, გენერალურმა პროკურორმა აღადგინოს სამართლიანობა, ჩემი განცხადება ნუ მოხვდება იმ ნაციონალი პროკურორების ხელში, რომლებიც დღემდე ლობირებენ ნაციონალური ხელისუფლების დამნაშავე მაღალჩინოსნებს. მოვითხოვ ჩემი ქონების უკან დაბრუნებას და იმ ფინანსურ ანაზღაურებას, რაც შმაგი ქემერტელიძემ ჩემს ოჯახს ამ წლების განმავლობაში მიაყენა“.