არსებობს რამდენიმე თემა, რომელზეც ყველა პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოსვლამდე უხვად იძლევა დაპირებებს, ხოლო შემდეგ ამ დაპირებებს ივიწყებს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის ვეტერანების სოციალური უზრუნველყოფა, რასთან დაკავშირებითაც წინასაარჩევნო დაპირებები „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა. დღეს ვეტერანები აცხადებენ, რომ მათთვის ამ ხელისუფლების პირობებში იმდენი გაკეთდა, რაც არც შევარდნაძის და არც მით უმეტეს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არ გაკეთებულა, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია და რატომღაც არ ხდება.

ამ თემაზე for.ge-ს ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, გელა დოლიძე ესაუბრა.

გელა დოლიძე: „პირველ რიგში, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ვეტერანთა დეპარტამენტის შესახებ. იგი 1998 წლის 22 სექტემბერს ნატოსთან დაახლოების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. ნატოს წევრ ქვეყნებში ყველგან არის მსგავსი სტრუქტურები. მაგალითად, ამერიკასა და საფრანგეთში არსებობს ვეტერანთა სამინისტროები, ინგლისში არის უმცროსი სამინისტრო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შედის. ამიტომ საქართველოშიც გაჩნდა აუცილებლობა, რომ ასეთი სამსახური შექმნილიყო და მაშინ გადაწყდა, რომ ეს უწყება დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბებულიყო.

როდესაც დეპარტამენტი შეიქმნა, მასში 124 ადამიანი მუშაობდა და მთელ საქართველოს მოიცავდა. რაიონებში ორ-ორი წარმომადგენელი გვყავდა, ხოლო მოგვიანებით მოხდა მისი გამსხვილება რეგიონალურ დონეზე, 2011 წელს კი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ჩვენი სამსახური შეკვეცეს და ვეტერანთა დეპარტამენტი 27 ადამიანამდე დაიყვანეს. ამიტომ, ვეტერანთათვის მართლაც ერთი ფანჯრის პრინციპი მოქმედებს, რადგან თუკი რამე სჭირდებათ, ყველას თბილისში უწევს ჩამოსვლა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ჩვენი დეპარტამენტის წარმომადგენლობები რეგიონების დონეზეც აუცილებლად უნდა არსებობდეს, რისი დაპირებაც ახალი ხელისუფლებისგან მივიღეთ.

დეპარტამენტის შექმნის დროს ძირითადი აქცენტი მას მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანებზე ჰქონდა გაკეთებული, ხოლო აფხაზეთის ომის ვეტერანები საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, ცოტა აბუჩად აგდებული ჰყავდათ, თუმცა უპატივცემულობა ასეთი საჯარო არ ყოფილა. იმ პერიოდისთვის შესაძლებლობიდან გამომდინარე, დეპარტამენტი კეთილსინდისიერად მუშაობდა. მაშინ დადგინდა ვეტერანებისთვის გარკვეული შეღავათები. ეს იყო უფასო მკურნალობა, ასევე 100 კვტ-სთ ელექტროენერგია და 20 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უფასოდ (სოფლად კი - ამის შესაბამისი შეშა), დასუფთავების, წყლის და ტელეფონის სააბონენტო გადასახადს ვეტერანები არ იხდიდნენ. ამ ყველაფერთან ერთად მათ ყოველთვიურად 8 ლარი ეძლეოდათ. ეს თანხა მოგვიანებით 14 ლარამდე გაიზარდა. ასევე საზოგადოებრივი ტრასპორტით ქალაქში მგზავრობა და საგარეუბნო ტრანსპორტი (მაგალითად თბილისი-ხაშურის, ან მაშინ დადიოდა ასევე თბილისი-ახალციხის მიმართულებით მატარებელი) იყო უფასო. შემდეგ ამის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტებს დაევალათ და ახლაც ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ვეტერანებისთვის უფასოა, მაგრამ მაგალითად, ქუთაისელი ვეტერანი თბილისის ტრანსპორტით უფასოდ ვერ იმგზავრებს, რადგან თბილისის მერია თბილისელ ვეტერანებს „მეტრომანს“ აძლევს, რაც ქუთაისელს არ გააჩნია.

2004 წლიდან ყველაფერს მონეტიზაცია დაერქვა და მთელი ამ სოციალური პაკეტიდან ვეტერანებს დარჩათ მხოლოდ 22 ლარი, რაც მათ დღემდე ეძლევათ.

როგორი მიდგომა აქვს ამ ყველაფრის მიმართ ახალ ხელისუფლებას?

- მათი დაპირება იყო ის, რომ ვეტერანთა ეს პრობლემები გადაიხედებოდა. აქვე გეტყვით, რა პრობლემები აწუხებთ ვეტერანებს. პირველი პრობლემა არის სახელმწიფოს, და აქედან გამომდინარე, საზოგადოების დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ. წინა ხელისუფლების დროს ვეტერანები რაღაც კეთროვანებივით იყვნენ, ანუ ვეტერანი იყო ყაჩაღი, უსინდისო, მათხოვარი და ა.შ. რაც ძალიან შეურაცხმყოფელია, რადგან ვეტერანებმა, განსაკუთრებით 90-იანი წლების ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში, არნახული თავგანწირვა გამოიჩინეს. მოგეხსენებათ, მაშინ გაწვევა არ ხდებოდა და ყველაფერი აბსოლუტურად მოხალისეების ხარჯზე იყო. საქართველო წელიწადისა და ერთი თვის განმავლობაში რუსეთის იმპერიას ეომებოდა და ეს ვეტერანების ხარჯზე მოხდა. იქ ხელმძღვანელობამ ვერ ივარგა, თორემ შემსრულებლებმა მათი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთეს. ვინც სოხუმში სექტემბერში წავიდა, მათი მხრიდან ეს სიკვდილზე წასვლის ტოლფასი იყო. თვითმფრინავის აფეთქების შემდეგ იქ მოხალისეების კიდევ 22 რეისი წავიდა.

აქვე გეტყვით, რომ ვეტერანების პრობლემებს სააკაშვილი ძალიან კარგად იყენებდა სათავისოდ, მათ წინასაარჩევნოდ ხვდებოდა, უამრავ დაპირებებს გასცემდა, რაც შემდეგ არ შეასრულა. ყველა ხელისუფლება დაპირებებში ძალიან გულუხვი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო დაპირებების შესრულება და შექმნა სათანადო სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან წამყვანი სამინისტროების მინისტრების მოადგილეები, ხოლო კომისიის თავმჯდომარე არის ჯანდაცვის მინისტრი, დავით სარგეენკო. რეალურად, ამ კომისიის კურირება სერგეენკოს მოადგილეს, დავით ლომიძეს დაევალა.

რაც შეეხება ვეტერანთა დეპარტამენტს, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი დეპარტამენტი რატომღაც ჯანდაცვის სამინისტროში შეიყვანეს, ხოლო 2011 წელს თავდაცვის სამინისტროში გადაიტანეს და გაერთიანებული შტაბის ქვედანაყოფად აქციეს, რაც თავისთავად ნონსენსია, რადგან ჩვენი დეპარტამენტი სამოქალაქო ოფისია, ხოლო გაერთიანებული შტაბი საბრძოლო ერთეულია. ამიტომ, ვეტერანთა დეპარტამენტისთვის შტაბში ყოფნა ბორკილებია, ხოლო შტაბისთვის დეპარამენტი ზემდეტი ტვირთია. მართალია, ამ ორ უწყებას ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მათი შინაარსიდან გამომდინარე, არ არის სასურველი, რომ ისინი ერთად იყვნენ.

ამ მხრივ რაიმე ცვლილება არ იგეგმება?

- დიახ, ამ სახელმწიფო კომისიამ, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, გადაწყვიტა, რომ ვეტერანთა დეპარტამენტი ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდებოდა, როგორი ჩანაფიქრიც 1998 წელს იყო. ახლა ცალკე დეპარტამენტები აღარ არსებობს და ამიტომ ეს იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, „ვეტერანთა საქმეების სამსახური“. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ უნდა გატარდეს საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები, რათა გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს და ეს ყველაფერი სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

კიდევ რა პრობლემა აქვთ ვეტერანებს, რაც ჯერ არ მოგვარებულა?

- კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა ამ კომისიაზე მიღებული და ეს არის ის, რომ ვეტერანებს პედაგოგების მსგავსი სადაზღვევო პაკეტი უნდა განესაზღვროთ. მოგეხსენებათ, საბაზისო დაზღვევა 70%-იან დაფინანსებას, ანუ თანადაფინანსებას გულისხმობს, ხოლო პედაგოგების დაზღვევა - 100%-იან დაფინანსებას. სხვაობა ამ პაკეტებს შორის ერთ სულზე არის 2 ლარი. საქართველოში არის 67 000-მდე ვეტერანი და თავიდან რომ დაიწყეს ანგარიში, ამ სადაზღვევო პაკეტებს შორის მთლიანი სხვაობა დაახლოებით 1 მლნ. 600 ათასი ლარი გამოდიოდა, მაგრამ ეს არ არის რეალური ციფრი და გეტყვით რატომ. მოგეხსენებათ, საქართველოში არსებობს ხანდაზმულთა დაზღვევა, რომლის ფარგლებშიც 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს 100%-იანი დაზღვევა აქვთ. საქართველოში კი არასაპენსიო ასაკის 39 000 ვეტერანია. ამდენად, დანარჩენი ვეტერანი ავტომატურად ხვდება ხანდაზმულთა პროგრამაში.

ამ 39 000-დან დაახლოებით 7 000 არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ვეტერანი, რომელიც ასევე ავტომატურად ხვდება სოციალურად დაუცველთა დაზღვევის პროგრამაში. რჩება დაახლოებით 32 000 ვეტერანი, რომელთაგან მინიმუმ 5 000 თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებშია დასაქმებული, სადაც უმაღლესი კატეგორიის დაზღვევაა. ამდენად, საუბარია 28 000-ზე, ან თუნდაც მაქსიმუმი რომ ავიღოთ 30 000 კაცზე. თუკი ამ რაოდენობას თვეში ორ ლარზე გავამრავლებთ, თვეში გამოდის 60 000 ლარი, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე, ანუ ექვსი თვის განმავლობაში საჭიროა 360 000 ლარი, უკიდურეს შემთხვევაში - 400 000 ლარი.

ამ თვის დასაწყისში მქონდა შეხვედრა ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, თაბუკაშვილთან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ლომიძესთან, სადაც ეს საკითხი დაისვა და იყო ნათქვამი, რომ ეს პროგრამა პირველი ივლისიდან განხორციელდებოდა, ხოლო თუკი ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში რაიმე პრობლემები შეიქმნებოდა, ამ თანხას ფინანსთა სამინისტრო გაიღებდა. ამიტომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილად მივიჩინე. ახლა, 24 ივნისს დავით ლომიძესთან მქონდა შეხვედრა და მან თქვა, რომ პირველი ივლისიდან ეს პროგრამა ვერ ამოქმედდება, რადგან მისი თქმით, საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში გათვალისწინებული იყო 2 მლნ 200 ათასი ბენეფიციარის დაზღვევა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი 200 ათასით მეტია, ამიტომ დამატებითი თანხები გახდა საჭირო და გადაწყდა, რომ ვეტერანების პროგრამა შეაჩერონ.

ჩვენთვის ასეთი დამოკიდებულება პრინციპულად მიუღებელია. მართალია, პირობა მოგვცეს, რომ ამ საკითხს გადახედავენ და პროგრამა პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ დროისთვისაც ვერ ხერხდება და მალე ეს წელიც გაივლის. ამდენად, მეორდება წინა ხელისუფლების პოლიტიკა, როდესაც იძლეოდნენ დაპირებას, რომელსაც შემდეგ აღარ ასრულებდნენ.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, პრობლემის გადაწყვეტას ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარის გამოყოფა სჭირდება?

- დიახ, მაგრამ ეს მე ყველაზე მაქსიმალური თანხა გითხარით. აღსანიშნავია, რომ ვეტერანები, რომლებიც მუშაობენ, იმ 22 ლარს არ ღებულობენ. ეს წესი წელს ამოქმედდა. გამოდის, რომ ერთი დასაქმებული ვეტერანი 11 ვეტერანის დაზღვევას უზრუნველყოფს. როგორც მოგახსენეთ, მინიმუმ 5 000 ვეტერანია დასაქმებული და ეს რიცხვი რომ 22-ზე გავამრავლოთ, გაცილებით მეტი თანხა გამოდის, ვიდრე ამ პრობლემის გადაწყვეტას ჭირდება. როგორც ჩანს, ამჟამინდელ ხელისუფლებასაც (წინა ხელისუფლების მსგავსად) ჰგონია, რომ ვეტერანებმა თვლა არ ვიცით და ამ ყველაფერს ვერ დავითვლით.

აღსანიშნავია, რომ ვინც ვეტერანად 2009 წლის 4 ნოემბრის შემდეგ დარეგისტრირდა, მას საერთოდ არ ეძლევა ეს 22 ლარი, ასევე არ ეძლევა იმას, ვინც მაგალითად ციხიდან გამოვიდა. თუკი ეს თანხა სამი თვის განმავლობაშ არ აიღე, გეხსნება ეს შემწეობა და ვეღარ აღგიდგება, მაგრამ ეს თანხები ბიუჯეტში ხომ გათვალისწინებული იყო, რადგან არავინ იცოდა, რომ ვთქვათ, ვინმე სამი თვის განმავლობაში ვერ აიღებდა ამ ფულს, ან ვიღაცას ციხეში ჩასვამდნენ. ამდენად, ვეტერანებს აკლებენ თანხებს, ხოლო შემდეგ გვეუბნებიან, რაღაცას ვერ გაგიკეთებთ, რადგან თანხა არ გვაქვსო. უკეთესი იქნებოდა, ეს თანხები ისევ ვეტერანებზე გადაენაწილებინათ. მესმის, რომ ბიუჯეტს უჭირს, მაგრამ ბიუჯეტს მხოლოდ ვეტერანთა ხარჯზე უჭირს? არ არსებობს სხვა პუნქტები, რომლებიც შეიძლება შეიკვეცოს?

ამერიკა ყველაფერში სამაგალითოდ გვყავს, გარდა ვეტერანებთან დამოკიდებულებისა. წელს ამერიკის ბიუეჯტში თითქმის ყველა პუნქტი შეიკვეცა, გარდა ვეტერანთა ბიუჯეტისა და აქ საუბარია 70 მილიარდ დოლარზე. ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ სახელმწიფომ ისეთი ხარჯი გასწიოს ვეტერანების მიმართ, როგორსაც ამერიკა სწევს, თუმცა აქეთკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ვეტერანებს ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა გვესმის და იმას არ ვითხოვთ, რაც გვეკუთვნის (ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა), ანუ არ ვითხოვთ იმას, რაც ნატოს სტანდარტებით არის აღიარებული. ვითხოვთ მინიმალურ რაღაცეებს და იმაზე მეტსაც არ ვითხოვთ, რასაც დაგვპირდნენ.

დღეს ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს პროგრამა მაინც განხორციელდეს და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით რაღაც რესურსები გამოიძებნება. იმედს ისიც გვიმყარებს, რომ მიგვაჩნია თავდაცვის მინისტრი ამაში მხარს დაგვიჭერს.

არ მინდა ჩემი ინტერვიუ რაღაც მხოლოდ კრიტიკა იყოს, რადგან ამ ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად არ ვარ განწყობილი. პირიქით, ის რაც ახლა ვეტერანებისთვის კეთდება, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის ინიციატივა, რომლის თანახმადაც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემათ. ასეთი პრინციპული მიდგომა, რაც სახელმწიფომ ვეტერანების მიმართ გამოავლინა, აქამდე არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროს დაფიქსირებულა, მაგრამ ის პრობლემა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე და რომლის მოგვარებაც შესაძლებელია, მიმაჩნია, რომ ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული საკითხია და ასეთი რამ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს.

და, ბოლოს, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ვეტერანთა დეპარტამენტში ფუნციონირება დაიწყო დასაქმების სამსახურმა. ვეტერანებს ვთხოვთ, მოვიდნენ და დარეგისტრირდნენ უმუშევართა ბაზაში. ჩვენ მათ ვერ დავპირდებით, რომ პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად სამსახურს შევთავაზებთ, მაგრამ ვცდილობთ, რომ ვეტერანებს ვუშოვოთ სტაბილური და ისეთი ანაზღაურებით სამსახური, რომლითაც ოჯახის შენახვას შეძლებენ. ასევე ვერ დავპირდებით, რომ ყველას დავასაქმებთ, მაგრამ შეგვიძლია დავასაქმოთ მაგალითად დურგლები, შემდუღებლები და ა.შ. თავდაცვის სამინისტრო მზად არის, რომ ამ მიმართულებით პრიორიტეტულად ვეტერანები დაასაქმოს.

ამ მიმართულებით სხვა პროგრამების გვაქვს, მაგრამ ეს პროექტები ჯერ დამუშავების პროცესშია და ამაზე დეტალურად ჯერ ვერ ვისაუბრებთ“.